ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ხელმძღვანელი - სუდანში ცეცხლი ვიდრე რეალურად არ შეწყდება, ვერ დავიწყებთ ევაკუაციას, ჩვენი თანამშრომლები უსაფრთხო ადგილზე არიან
სუდანში ცეცხლი ვიდრე რეალურად არ შეწყდება, ვერ დავიწყებთ ევაკუაციას, – ამის შესახებ ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ხელმძღვანელმა, შალვა კიკნაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, კომპანიის თანამშრომლები უსაფრთხო ადგილზე არიან და კომუნიკაცია აქვთ ოჯახის წევრებთან.
„ჯერჯერობით უბრალოდ ინფორმაცია გვაქვს სუდანში 72-საათიანი ზავის შესახებ. ვიდრე ოფიციალური დადასტურება არ იქნება და ცეცხლი რეალურად არ შეწყდება, ვერ დავიწყებთ ევაკუაციას. 72 საათიც არ იქნება საჭირო, ცეცხლი თუ შეწყდა, ძალიან მიშვნელოვანია, უპირველესად, მიეცეთ საშუალება ჩვენს ინჟინრებსა და მფრინავებს თვითმფრინავთან მისვლის, საჰაერო ხომალდის დათვალიერების და შეფასების, რათა გაირკვეს, რამდენად შესაძლებელია ჩვენი ხომალდით გამოფრენა. ამის შემდეგ მივიღებთ უკვე გადაწყვეტილებას, საჰაერო ხომალდით გამოფრინდებიან თუ რაიმე ალტერნატიულ გზას ვიპოვით. ჩვენი ავიაკომპანიის 20 თანამშრომელი იმყოფება ხართუმში, ისინი არიან უსაფრთხოდ თავიანთ სახლებში, აქვთ წყალი და საკვები. ასევე, გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია როგორც ჩვენ, ასევე მათი ოჯახის წევრებს“, – განაცხადა ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ გენერალურმა დირექტორმა, შალვა კიკნაძემ.
მედიის ცნობით, სუდანის არმია და გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ 72-საათიან ზავზე შეთანხმდნენ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ყურბან ბაირამის დასრულებამდე იმოქმედებს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფნები, რომლის საშუალებითაც მოქალაქეების ევაკუაცია მოხდება.
სუდანში ქვეყნის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილიდან მიმდინარეობს. „ბიბისის“ ცნობით, მიმდინარე ბრძოლების გამო 200-მდე ადამიანი დაიღუპა. სუდანის დედაქალაქში სურსათისა და წყლის დეფიციტია.