ავიაკომპანია „ჯეო სქაი“ - ეკიპაჟის სრული შემადგენლობა 27 აპრილს იქნება საქართველოში, საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით უვნებლები დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს
„ჯეო სქაის“ განცხადებით, ავიაკომპანიამ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, განახორციელა ეკიპაჟის წევრების მშვიდობიანი ევაკუაცია ეგვიპტის საზღვრამდე.
ავიაკომპანიის ცობით, ეკიპაჟის სრული შემადგენლობა 27 აპრილს იქნება საქართველოში.
„ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ეკიპაჟის 20 წევრი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სუდანში, კერძოდ, დედაქალაქ ხართუმში. მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, თანამშრომელთა უსაფრთხოებისათვის გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა მათი უსაფრთხო დაბრუნება საქართველოში. ავიაკომპანია „ჯეო სქაიმ“, საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, მოახდინა მათი მშვიდობიანი ევაკუაცია სახმელეთო გზით ეგვიპტის საზღვრამდე, სადაც მათ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიხეილ თიგიშვილი დახვდათ. ეკიპაჟის სრული შემადგენლობა 27 აპრილს იქნება საქართველოში.
სუდანში 14 აპრილს დაწყებული სამხედრო დაპირისპირების დროს ავიაკომპანიის ეკიპაჟის 20 წევრი იმყოფებოდა დედაქალაქ ხართუმში. მას შემდეგ ავიაკომპანია „ჯეო სქაი“ უწყვეტ რეჟიმში იმყოფებოდა კომუნიკაციაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მათი დახმარებითა და ჩართულობით ეკიპაჟის წევრები უვნებლები დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.