ავიაკომპანია „ბუთა ეარვეისი“ თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის
აზერბაიჯანული ავიაკომპანია „ბუთა ეარვეისი“ (Buta Airways) თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე, ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია ხუთ სიხშირეს ამატებს. ჯამში, ბაქოდან თბილისის მიმართულებით ფრენები კვირაში 19 სიხშირით შესრულდება (Buta Airways- 17 სიხშირე, Azerbaijan Airlines – ორი სიხშირე).
ფრენები Embraer E190, Airbus A319, Airbus A320 და Boeing B757 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას გაზრდილი სიხშირით რეგულარული რეისების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 2019 წლის 13 ივნისს მიენიჭა.
„ბუთა ეარვეისი“ (Buta Airways) „აზერბაიჯანული ავიახაზების“ (Azerbaijan Airlines) სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდველია, რომელმაც ფუნქციონირება და თბილისის მიმართულებით საავიაციო მიმოსვლის განხორციელება 2017 წელს დაიწყო.
ამასთან, კომპანია ფრენებს ბაქო-ბათუმი-ბაქოს მიმართულებითაც შეასრულებს.