ავღანური მედიის ინფორმაციით, ნანგარჰარის პროვინციაში 13 წლის თვითმკვლელმა ტერორისტმა ქორწილში ხუთი ადამიანი მოკლა
ავღანური მედიის ინფორმაციით, ნანგარჰარის პროვინციაში 13 წლის თვითმკვლელმა ტერორისტმა ქორწილში ხუთი ადამიანი მოკლა

ავღანეთში 13 წლის თვითმკვლელმა ტერორისტმა ქორწილში ხუთი ადამიანი მოკლა. ავღანური მედიის ინფორმაციით, ტერორისტული აქტი ქვეყნის აღმოსავლეთით, ნანგარჰარის პროვინციაში მოხდა. აფეთქების შედეგად სხეულის დაზიანება 40-მა ადამიანმა მიიღო.

პროვინციის გუბერნატორის პრესსპიკერის, ათაჰულა ხოგიანის განცხადებით, ბიჭმა ასაფეთქებელი მოწყობილობა პაჩერაგამის ოლქში, მთავრობის მომხრე მილიციის მეთაურის სახლში აამოქმედა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. „როიტერის“ ინფორმაციით, ადგილობრივები აცხადებენ, რომ აფეთქების შედეგად 10 ადამიანია დაღუპული. მთავრობის მომხრე მილიცია ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს ხშირად ეხმარება, რომ ტერიტორია „თალიბანისა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლის ქვეშ არ მოექცეს.