ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მარშში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად აშშ-ის, ჩეხეთის, პოლონეთისა და ავღანეთს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.
სამხედრო მარში სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალთან დასრულდა. ავღანეთში თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა და 43-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
სიმბოლური მარშის დასასრულს მოწვეული სტუმრებისთვის ქართულ ჭიდაობაში საჩვენებელი ტურნირი გაიმართა. 43-ე ბატალიონის მეთაურმა სტუმრებს საქართველოს ისტორიისა და თავდაცვის ძალების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარეს. დღესვე ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა დანიელ კონლიმ ქართველ სამხედროებს დამოუკიდებლობის დღე პირადად მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროების წვლილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ფასდაუდებელია.
საქართველოს თავდაცვის ძალების ავღანეთში უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა და წარმომადგენლობის სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.
ღონისძიების დასასრულს კი სტუმრებს ქართული სამზარეულოს დაგემოვნების შესაძლებლობაც მიეცათ.