ავღანეთში მიწისძვრის შემდეგ, მოძრაობა „თალიბანი“ საერთაშორისო დახმარებას ითხოვს
ავღანეთში მიწისძვრის შემდეგ, მოძრაობა „თალიბანი“ საერთაშორისო დახმარებას ითხოვს

ავღანეთში გამანადგურებელი მიწისძვრის შემდეგ მოძრაობა „თალიბანი“ საერთაშორისო დახმარებას ითხოვს. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული. დაშავებულთა რაოდენობა 1500-ს აღწევს.

„სამწუხაროდ, მთავრობა სანქციების ქვეშ არის და არ შეუძლია, ფინანსურად დაეხმაროს ხალხს საჭირო მოცულობით. საერთაშორისო ჰუმანიტარული სააგენტოები გვეხმარებიან, მეზობელმა ქვეყნებმა, რეგიონის და მსოფლიოს ქვეყნებმა დახმარება შემოგვთავაზეს, რასაც ჩვენ ვაფასებთ და მივესალმებით. დახმარება უნდა გაიზარდოს ძალიან დიდი მასშტაბებით, რადგან ეს იყო გამანადგურებელი მიწისძვრა, რომლის მსგავსი ათობით წლის განმავლობაში არ მომხდარა“, – განაცხადა „თალიბანის“ წარმომადგენელმა აბდულ ქაჰარ ბალხიმ.

მიწისძვრამ ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პაკტიკას პროვინცია დააზარალა. „თალიბანის“ უმაღლესი ლიდერი ჰიბათულა აჰუნძადა აცხადებს, რომ დანგრეულია ასობით საცხოვრებელი სახლი. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების რაოდენობა უცნობია, სამაშველო ოპერაციას ძლიერი წვიმა აფერხებს. მიუვალ ადგილებში მდებარე დასახლებებიდან დაშავებულები საავადმყოფოებში ვერტმფრენებით გადაჰყავთ.

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ძალისხმევაში ჩართულია გაერო, ასევე ჰუმანიტარული ორგანიზაციები მეზობელი პაკისტანიდან. მათ ავღანეთში გაგზავნეს სამედიცინო ჯგუფები და სამედიცინო დახმარება.

ეს ავღანეთში ბოლო 20 წლის გამავლობაში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრაა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ხოსტიდან დაახლოებით 44 კილომეტრში, 51 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. 6,1 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით ღამის 01:30 საათზე დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ასევე მეზობელ პაკისტანსა და ინდოეთში.