ავღანეთის პრეზიდენტი „თალიბანის“ პოლიტიკურ ჯგუფად აღიარების ინიციატივით გამოდის
ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ განი რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ პოლიტიკურ ჯგუფად აღიარების ინიციატივით გამოდის. ეს განცხადება ავღანეთის პრეზიდენტმა საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა, რომელიც 16-წლიანი ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებებს ეხება.
კონფერენციაში მონაწილეობას 25 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს.
პრეზიდენტი თალიბებს ცეცხლის შეწყვეტასა და პატიმრების გათავისუფლებას სთავაზობს, შემდგომში მათი ე.წ. შავი სიიდან ამოღების, საზოგადოებასთან რეინტეგრაციისა და დასაქმების პერსპექტივით.
აშრაფ განი ასევე კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მზაობას გამოთქვამს.
„მთავრობა „თალიბანს“ სამშვიდობო მოლაპარაკებებს სთავაზობს, ყოველგვარი პირობების გარეშე“, – აცხადებს აშრაფ განი.
პრეზიდენტის თქმით, ავღანეთის ხელისუფლება „თალიბანის“ ლიდერებისთვის სანქციების მოხსნის საკითხზე იმუშავებს და უზრუნველყოფს იმ პირების უსაფრთხოებას, ვინც სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესს შეუერთდება.
ბოლო თვეების განმავლობაში ავღანეთში არსებული ვითარება მკვეთრად გაუარესდა, როდესაც დაჯგუფებამ მსხვილ ქალაქებზე თავდასხმები განაახლა.