„ავერსი ფარმას“ დირექტორი - ინფექციურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით რვა წლის განმავლობაში ვიზიარებდით სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ინტერესს, არასოდეს გამოგვიყრია გარეთ
„ავერსი ფარმას“ გენერალური დირექტორის, ირაკლი ფურცელაძის განცხადებით, რვა წლის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან არაერთი მცდელობა იყო, ინფექციური საავადმყოფო რაიმე ალტერნატიულ ფართში გადასულიყო, თუმცა ყველაფერი უშედეგოდ მთავრდებოდა.
მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ კონკრეტული შენობა უკვე მოძიებულია.
„ამ წლების განმავლობაში ასეთი დაპირება იყო არაერთი, იყო გამოყოფილი მიწის ნაკვეთი, რომელზეც არ აშენდა, გადაეცა შენობა ინფექციურ საავადმყოფოს, რომელშიც არ გადავიდნენ გარკვეული მიზეზების გამო. ჩვენ გვახსოვს გამოცხადებული ტენდერები, რომლებიც ჩაიშალა, ასევე გვახსოვს პროექტირების ტენდერი, რომელიც ასევე ჩაიშალა. ანუ, ამ რვა წლის განმავლობაში გვახსოვს არაერთი მცდელობა სახელმწიფოს მხრიდან, რომ ინფექციური საავადმყოფო გადასულიყო რაიმე ალტერნატიულ ფართში, თუმცა ეს ყველაფერი უშედეგო იყო.
ვფიქრობთ, დღევანდელი გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ მხრივ, რომ რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, კონკრეტული შენობა უკვე არის მოძიებული. შესაბამისად, თუ განხორციელდება ამ შენობის შეძენა, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ 6 თვიდან ერთ წლამდე პერიოდში შესაძლებელი იქნება ინფექციური საავადმყოფოს გადასვლა. სხვა შემთხვევაში დანაპირები, თუნდაც თანხის გამოყოფა, სამწუხაროდ, არ არის ქმედითი და ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი ფურცელაძემ.
ამასთან, ფურცელაძის თქმით, „ავერსი ფარმას“ ამ დრომდე არ მიუღია 2019 წლის იჯარის თანხა, რომელიც შეადგენს 5 ლარს ერთ კვადრატულზე.
„ასევე, არ მიგვიღია 2020 წლის თანხა დღევანდელ დღემდე და ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, საიჯარო ხელშეკრულება დღესაც არ არის გაფორმებული. როგორც ჩვენ ვიცით, ხელშეკრულებას ხელს არ აწერს ინფექციური საავადმყოფოს მხარე. ხელშეკრულებაში არაფერი შეცვლილა, ყველა წლის განმავლობაში როგორიც იყო გაფორმებული, იდენტურის გაფორმებას ვითხოვთ. ყველა ხელშეკრულებაში იდო პირობა, რომ წლის ბოლოს, 31 დეკემბერს მათ უნდა დაეცალათ ფართი და გადმოეცათ, თუმცა ეს არც ერთ წელს არ მოხდა. ჩვენ მთელი ამ რვა წლის განმავლობაში ვიზიარებდით სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ინტერესს, არასოდეს გამოგვიყრია გარეთ და ისინი მთელი ეს წლები აგრძელებდნენ ხელშეუშლელად ფუნქციონირებას, ეს კი იმ ფონზე, რომ უკვე 19 თვეა, იჯარის თანხა არ მიგვიღია“, – აღნიშნა ირაკლი ფურცელაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის დაახლოებით 40 მილიონი ლარი გამოიყოფა.