„აუტიზმის მქონე ადრეული ასაკის ბავშვებთან და მათ ოჯახებთან მუშაობის თანამედროვე მეთოდების“ თემაზე თბილისში კონფერენცია მიმდინარეობს
აუტისტური სპექტრის აშლილობის მართვასთან დაკავშირებით, აქტუალურ გამოწვევებს ეძღვნება კონფერენცია, სახელწოდებით „აუტიზმის მქონე ადრეული ასაკის ბავშვებთან და მათ ოჯახებთან მუშაობის თანამედროვე მეთოდები“, რომელიც თბილისში მიმდინარეობს.
შეხვედრას საქართველოში მომსახურე წამყვანი სპეციალისტები და უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტები უძღვებიან. განიხილება ამ მიმართულებით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება.
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, მომხსენებლები მოწვეულ სტუმრებს საქართველოსთვის შედარებით ახალ მიდგომას (DIR Floortime) გააცნობენ. აღნიშნული კონფერენცია აუტისტური სპექტრის მქონე ბენეფიციარების განვითარებაზე, ინდივიდუალურ პროფილზე და ურთიერთობაზე დაფუძნებული მიდგომაა, რომელიც პრაქტიკაში 1980-იანი წლებიდან გამოიყენება. ამ მეთოდის დანერგვა საქართველოში უკვე მეოთხე წელია, მიმდინარეობს.
კონფერენცია განკუთვნილია დაინტერესებული პირებისთვის, პროფესიონალებისა და მშობლებისთვის, ასევე სოციალური პოლიტიკის განმსაზღვრელი ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებისთვის.
კონფერენციის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი“, მხარდამჭერი – „ღია საზოგადოების ფონდი“.