ხუთშაბათს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღიას ერთეულთა თანრიგში ისვენებდა, თუმცა კორტზე გასვლამ მაინც მოუწია. ქართველი ავსტრიელ ანდრეას ჰაიდერ-მაურერთან დუეტში წყვილთა ტურნირში ჩაება.
ქართულ-ავსტრიული დუეტი პირველივე წრეში გამოეთიშა ტურნირს. ბასილაშვილი და ჰაიდერ-მაურერი პრაქტიკულად უშასნოდ იყვნენ ინდოელების – 44 წლის ლეანდერ პაესისა და პურავ რაჯას წინააღმდეგ.
მართალია, მათ უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ (ოთხი სამის წინააღმდეგ), მაგრამ ვერც ერთხელ ვერ აიღეს მეტოქის მოწოდება, ინდოელებმა კი სამიდან სამი ასეთი შანსი გამოიყენეს.
საბოლოოდ, პაესმა და რაჯამ 57 წუთში 6:2, 6:3 მოიგეს.
ბასილაშვილი ერთეულებში მესამე წრის შეხვედრას ბრიტანელი კაილ ედმუნდის წინააღმდეგ ხვალ გამართავს.