„აუდიტორია 115“-ის წევრები იმ დარბაზში შესვლას ითხოვენ, სადაც თსუ-ს საიუბილეო ღონისძიება მიმდინარეობს
„აუდიტორია 115“-ის წევრები აცხადებენ, რომ იმ დარბაზში შესვლას ვერ ახერხებენ, სადაც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება.
“აუდიტორია 115”-ის წევრებმა პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს დარბაზში შესვლაში დახმარება სთხოვეს.
“უნივერსიტეტის საიტზე მითითებული იყო იმ ღონისძიებათა სია, რომელიც არის გახსნილი და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. ბევრი სტუდენტი ჩამოვიდა სპეციალურად რეგიონიდან, რომ დასწრებოდა დღევანდელ ღონისძიებას, გაურკვეველი მიზეზით არ გვიშვებენ უნივერსიტეტში. გვეუბნებიან, თითქოს სტუდენტები შეირჩა აკადემიური მოსწრების მიხედვით, თუ ასეა კი ბატონო, მაშინ ვითხოვთ მარტივ რაღაცას, შეგვიმოწმონ ჩვენც აკადემიური მოსწრება და თუ ვერ ვაკმაყოფილებთ კრიტერიუმებს, არ შეგვიშვან”, – განაცხადა “აუდიტორია 115”-ის წევრმა გიორგი არობელიძემ.