აუდიტის სამსახურის - ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებზე ტრანსპორტის მომსახურებისთვის გაცემული 32 338 ლარიდან ფედერაციის 28 987 ლარი პრეზიდენტის შვილზე გაიცა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2016-2017 წლებში ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებსა და ტურნირებზე, საერთო ჯამში სატრანსპორტო მომსახურებისთვის ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ 32,338 ლარი დახარჯა, საიდანაც ფედერაციის პრეზიდენტის შვილზე 28,987 ლარი გაიცა.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ გარკვეული პროცედურების დროს დოკუმენტაციების წარმოება საერთოდ არ ხდებოდა და გაურკვეველია რა მეთოდებითა და რა პარამეტრებზე დაყრდნობით ხდებოდა სატრანსპორტო მომსახურების თანხების დადგენა.
„საბანკო ანგარიშის ამონაწერების შესაბამისად, 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებსა და ტურნირებზე სატრანსპორტო მომსახურების სახით სხვადასხვა ფიზიკურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე სულ გაცემულია 32,338 ლარი. აქედან, პრეზიდენტის ახლო ნათესავზე − (შვილი) 28,987 ლარი.
თითოეული ტურნირის ხარჯები მუნიციპალიტეტების მიხედვით, განსხვავებულია და მერყეობს 200-დან 900 ლარამდე. ხელშეკრულებების შესაბამისად, განსაზღვრული სატრანსპორტო მომსახურების ტარიფების დადგენისა და გაანგარიშების დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, გაურკვეველია რა მეთოდებით, რა მონაცემების გათვალისწინებით და რა პარამეტრებზე დაყრდნობით ხდებოდა რეგიონების მიხედვით სატრანსპორტო მომსახურების თანხების დადგენა.
2017 წლის დეკემბერში ფალავნობაში, ქართულ ჭიდაობაში ჩასატარებელი ღონისძიების ფარგლებში, საჭიდაო ლეიბების (რომლის რაიმე სახით ფლობის შესახებ მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი) ტრანსპორტირების ხარჯმა, ჭავჭავაძის გამზირიდან ამერიკის საელჩომდე და პირიქით, ამერიკის საელჩოდან ჭავჭავაძის გამზირამდე (20 კმ) შეადგინა 1,500 ლარი.
აღნიშნულ მომსახურებაზე შედგენილ ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტში შესასრულებული რეისების რაოდენობა და გადაზიდული ტვირთის მოცულობები მითითებული არ არის. 2016-2017 წლებში მივლინებებზე ტრანსპორტირების სახით გაწეული 900 ლარის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.