აუდიტის სამსახური - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული
მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები, – ამის შესახებ საუბარია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობას მოიცავს.
როგორც დოკუმენტში წერია, მუნიციპალიტეტში არსებობს ხელშეკრულებების მართვის ხარვეზები, შედეგად ხუთ შემთხვევაში, სამუშაოები შესასრულებლად გადაეცა გამოუცდელ ქვეკონტრაქტორებს, რის გამოც გვიანდება სამუშაოების დასრულება.
„ასევე ოთხ შემთხვევაში მიწოდების ვადები გადაწეულია დაუსაბუთებლად და გავრცელებული არ არის ჯამში − 10.5 ათასი ლარის საჯარიმო სანქცია;
მიწოდების ვადის დარღვევისთვის, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დათვლილი და გავრცელებული არ არის 46.1 ათასი ლარის საჯარიმო სანქცია; ხარვეზებია სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში“, – წერია დოკუმენტში.
აუდიტის ანგარიშში ასევე საუბარია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ ავტოპარკის მართვის ხარვეზებზე.
„მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა საშუალოდ 40 ერთეულით აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.