აუდიტის სამსახური - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მძღოლების უმეტესობა ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებს, რაც შრომის უსაფრთხოების მხრივ რისკის შემცველი შეიძლება იყოს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ შემოწმება ჩაატარა. უწყებამ რამდენიმე დარღვევა გამოავლინა. უწყების ცნობით, მაგალითად, კომპანიის მიერ დანერგილი ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ორგანიზაციის სისტემა ხარვეზებს შეიცავს. აუდიტის სამსახურის ცნობით, კომპანიაში არ არის დაცული საქართველოს შრომის კოდექსის ძირითადი მოთხოვნა.
„დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს. ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებს მძღოლების უმეტესობა, რაც შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის შემცველი შეიძლება იყოს. გარდა ამისა, ზეგანაკვეთური სამუშაოს დაფინანსება კომპანიისათვის წამგებიანია ფინანსურადაც, გაზრდილი სატარიფო განაკვეთის გამო“, – წერია აუდიტის ანგარიშში.
ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიის ადმინისტრაციულ შენობაში დასაქმებულების მაგალითზე ფიქსირდება გაცდენილი დღეების, დაგვიანებებისა და ადრე წასვლის მრავალი შემთხვევა.
„გარდა ამისა, კომპანიაში დანერგილი სისტემა სამუშაო დროის აღრიცხვის შესახებ შეიცავს ხარვეზებს, რითაც არ არის გამორიცხული, შრომითი ანაზღაურება სრულად გაიცეს დასაქმებულზე, რომელსაც დაკისრებული მოვალეობა არ შეუსრულებია ან ნაწილობრივ შეასრულა“, – წერია დოკუმენტში.
ასევე, ანგარიშის მიხედვით, ირკვევა, რომ 2017 წელს კვირაში 48 საათზე მეტი ზეგანაკვეთური სამუშაო 6 499 დასაქმებულიდან მხოლოდ 3 349-ს აუნაზღაურდა; ხოლო 2018 წელს 6 649 დასაქმებულიდან 3 446 პირს.
ამასთან, 2017 წელს კვირაში 48 საათზე მეტხანს ავტობუსის 1 398-დან 1 379-მა მძღოლმა იმუშავა, ხოლო 2018 წელს 1 438-დან 1 420-მა მძღოლმა.