აუდიტის სამსახური - სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მეხანძრე-მაშველთა რაოდენობა მცირეა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მეხანძრე-მაშველთა 20 პროცენტს აქვს გავლილი
აუდიტის სამსახური - სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მეხანძრე-მაშველთა რაოდენობა მცირეა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მეხანძრე-მაშველთა 20 პროცენტს აქვს გავლილი

აუდიტის სამსახურმა ტყის ხანძრებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის, პრევენციისა და მზადყოფნის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2017, 2018 და 2019 წლებს მოიცავს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ხანძარსაწინააღმდეგო პირველადი ინვენტარის გადანაწილება არათანაბრად ხდება.

„აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ტყის მართვის ორგანოების თანამშრომლების ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით აღჭურვის შესაბამისი კრიტერიუმები დადგენილი არ არის. შედეგად, ინვენტარი არათანაბრადაა განაწილებული როგორც ხანძარსაშიში რეგიონების, ასევე ტყის ფართობების მიხედვით. ასევე, ტყის ხანძრებისთვის, როგორც საგანგებო სიტუაციებისთვის, მნიშვნელოვანია მუდმივი მზადყოფნის შენარჩუნება, რაც საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში, უზრუნველყოფს სწრაფ და სათანადო რეაგირებას.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, საჭიროა ადამიანური რესურსებისა და ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის სწორი ორგანიზება, მართვა. სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მეხანძრე-მაშველთა რაოდენობა მცირეა. აღნიშნული გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მოხალისეთა სისტემა ამ ეტაპზე ჩამოყალიბების პროცესშია. ამ მიმართულებით არსებობს გაუმჯობესებისა და გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი“, – წერია ანგარიშში.

ამასთან, აუდიტორებს შენიშვნები აქვთ მეხანძრე-მაშველთა პროფესიული გადამზადების კუთხითაც.

„არსებული მდგომარეობით, საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (სრულყოფილი მომზადების კურსი) მეხანძრე – მაშველთა მხოლოდ 20 პროცენტს აქვს გავლილი“,  – აცხადებენ აუდიტში.

ანგარიშში ასევე საუბარია, რომ ავტოპარკის დიდი ნაწილი მნიშვნელოვნად მოძველებულია და სატრანსპორტო საშუალებებიდან მხოლოდ 25 პროცენტი არის სრულად გამართული.

„არათანაბარ განაწილებასთან ერთად, სახანძრო მანქანების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. კერძოდ, ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებებიდან მხოლოდ 25 პროცენტი არის სრულად გამართული, ხოლო 21 პროცენტი გაუმართავ მდგომარეობაშია. მანქანების გამოშვების წლების ანალიზმა გვაჩვენა, რომ ავტოპარკის დიდი ნაწილი მნიშვნელოვნად მოძველებულია. კერძოდ, 25-წლიანი ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს სატრანსპორტო საშუალებების 51 პროცენტს. შესაბამისად, მაღალია მათი მოვლა-შენახვის ხარჯები (2017-2019 წლებში – 1.2 მლნ ლარი)“,  – წერია ანგარიშში.