აუდიტის სამსახური - შშმ პირთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ არის სრულყოფილი და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოებული ბაზები მხოლოდ სოციალური დახმარების მიმღებ პირთა შესახებ ინფორმაციას შეიცავს
აუდიტის სამსახური - შშმ პირთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ არის სრულყოფილი და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოებული ბაზები მხოლოდ სოციალური დახმარების მიმღებ პირთა შესახებ ინფორმაციას შეიცავს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტი განახორციელა. აუდიტის პერიოდი მოიცავდა 2017-2018 წლებს და 2019 წლის პირველ ნახევარს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს შშმ პირთა უფლებების სრულ რეალიზებას, განახორციელოს მათთვის განკუთვნილი პოლიტიკა/პროგრამები.

უწყებაში განმარტავენ, რომ შშმ პირების უფლებების რეალიზების ხელშეწყობა სახელმწიფოს საქმიანობის მრავალ მიმართულებას მოიცავს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამინისტროს როლი შშმ პირთა ხელშემწყობი სოციალური პოლიტიკის/პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში, რისთვისაც აუცილებელი წინაპირობაა ისეთი საბაზისო ინფორმაციის არსებობა, როგორიცაა, შშმ პირთა რაოდენობა, მათი შეზღუდვები და საჭიროებები. ამასთანავე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს არსებული პროგრამების ხელმისაწვდომობა მომსახურების მინიმალური ხარისხის სტანდარტების დაცვით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აუდიტის ფარგლებში შეისწავლა, რამდენად აქვს სამინისტროს შშმ პირებისთვის განკუთვნილი პროგრამების ადეკვატურად დაგეგმვისთვის საჭირო ინფორმაცია და რამდენად უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები, სოციალური რეაბილიტაციის ქვეპროგრამების ხელმისაწვდომობასა და მომსახურების სათანადო ხარისხს. შესწავლის შედეგად აუდიტის სამსახურმა არაერთი ხარვეზი გამოავლინა.

„შშმ პირთა სტატუსის განსაზღვრის სამედიცინო მოდელის ფარგლებში შეგროვებული სტატისტიკური მონაცემები, ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთა შესახებ სრულყოფილი და სათანადო ინფორმაციის წარმოებას, რაც შშმ პირებისათვის განკუთვნილი პოლიტიკისა და პროგრამების დაგეგმვის აუცილებელი წინაპირობაა. შშმ პირთა რაოდენობის შესახებ არსებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი. სამინისტროს მიერ წარმოებული ბაზები მხოლოდ სოციალური დახმარების მიმღებ პირთა შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

შესაბამისად, ამ მონაცემებში ვერ ხვდებიან ის პირები, რომლებზეც არ გაიცემა სოციალური პაკეტი (მაგალითად, ზომიერი შეზღუდვის მქონე შშმ პირები). დამხმარე საშუალებების ქვეპროგრამის დიზაინი არ ითვალისწინებს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სერვისის ადგილზე მიწოდებას, გარდა ელექტროსავარძელ-ეტლებისა. შესაბამისად, ქვეპროგრამის დაგეგმვის ეტაპზე ტერიტორიული ხელმისაწვდომობა არ არის გათვალისწინებული სხვა დამხმარე საშუალებისთვის და მათ მისაღებად საჭიროა მიმწოდებელთან, სულ მცირე, ორჯერ ვიზიტი; სამინისტროს შერჩეული ქვეპროგრამებიდან მომსახურების მინიმალური სტანდარტები გაწერილი აქვს მხოლოდ ადრეული განვითარების ქვეპროგრამისთვის. შესაბამისად, რეაბილიტაციისა და დამხმარე საშუალებების ქვეპროგრამების მომსახურების ხარისხზე, მონიტორინგი არ ხორციელდება“, – წერია აუდიტის ანგარიშში.