საქართველოში 100 ათას მოსახლეს შვიდი სოციალური მუშაკი ემსახურება, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში, რომელიც უწყებამ ოჯახში ძალადობისაგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმების ეფექტიანობის შესახებ მოამზადა. აუდიტის პერიოდი მოიცავს 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით არსებულ პერიოდს. ანგარიში ეხება ძალადობის შემთხვევებზე პოლიციის რეაგირებასა და სოციალური მუშაკის ჩართულობას, დაცვის საშუალებებზე ხელმისაწვდომობას და მოქალაქეთა ცნობიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში სოციალური მომსახურების სააგენტოს ფარგლებში დასაქმებულია 255 სოციალური მუშაკი, მათგან 71 დანიშნულია თბილისში. როგორც დოკუმენტში წერია, რომ საქართველოში 100 ათას მოსახლეს შვიდი სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას. მაგალითად, სლოვენიაში100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი. აუდიტის სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ სოციალური მუშაკები მუშაობენ დაახლოებით 32 მიმართულებით და უფლება-მოვალეობების სიმრავლე უარყოფითად აისახება მათი დასკვნების ხარისხზე და ქმნის რისკს, რომ სოციალური მუშაკის კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები პრაქტიკაში ჯეროვნად არ სრულდება.
„აღსანიშნავია, რომ ბავშვების მიმართ ძალადობის შემთხვევებზე მიმართვიანობა სოციალური მომსახურების სააგენტოში სწრაფი ტემპით იზრდება. 2017 წელს დაფიქსირდა 840 ბავშვზე მომართვა, მაშინ როდესაც, 2018 წლის მხოლოდ ცხრა თვის მონაცემებით, მომართვა დაფიქსირებულია 2,555 ბავშვზე (მომართვა204%-ით გაიზარდა). ოჯახში ძალადობის სამოქმედო 2018-2020 წლების გეგმით გათვალისწინებულია სოციალური მუშაკების რაოდენობის 10-30%-ით ზრდა. აღნიშნულის ფონზე, 2017 წლის ჩათვლით სოციალური მუშაკის საშტატო ერთეული 2018 წელს 279-დან 255-მდე (10%-მდე) შემცირდა“, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.
ანგარიშში ასევე საუბარია სოციალური მუშაკების შეზღუდულ ხელმისაწვდომობაზე, რაც ძალადობის შემთხვევაში მათ არასათანადო ჩართულობას განაპირობებს. სოციალური მუშაკები არ მუშაობენ დასვენების დღეებში, შაბათ-კვირას და არასამუშაო საათებში, მათი უფლება-მოვალეობები არაპროპორციულია მათ რაოდენობასთან შედარებით. სოციალური მუშაკების სამუშაო დატვირთვა დაახლოებით ექვსჯერ აღემატება თვეში რეკომენდებულ საქმეთა რაოდენობას.
„ბავშვზე ძალადობის და უგულებელყოფის გადაუდებელი შემთხვევა შეიძლება დაფიქსირდეს როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო საათებში. სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული პრაქტიკით, სოციალური სამსახურის მორიგე სოციალური მუშაკი ახორციელებს არასამუშაო დროს − ღამით, შაბათ-კვირას და უქმე დღეებში საჭირო სერვისის მიწოდებას“, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში და დასძენენ, რომ სოციალური მუშაკის არასამუშაო საათებში ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტომ მიზანშეწონილია დანერგოს სოციალური მუშაკების მორიგეობის მექანიზმი, რაც ხელს შეუწყობს დასვენების დღეებში, შაბათ-კვირას და არასამუშაო საათებში ძალადობის გადაუდებელ შემთხვევებზე შეუფერხებელ რეაგირებას.
უწყების ცნობით, აუდიტის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორდერის პირობების შესრულების მონიტორინგი სისტემურად არ მიმდინარეობდა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ასახულია სასამართლოს მიერ 2017 წელს გამოცემული დამცავი ორდერების მხოლოდ 22%, რაც არ იძლევა დამცავი ორდერების ძალადობის ისტორიაში გათვალისწინების და მათი პირობების შესრულებაზე სათანადო ზედამხედველობის განხორციელების საშუალებას.
როგორც აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, შემაკავებელი ორდერების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. აუდიტის ჯგუფმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რეგიონების მასშტაბით შეისწავლა 2018 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში გამოცემული 55 ორდერი და დარღვევები აღმოაჩინა.
„მათი შესწავლით გამოვლინდა, რომ 35% შევსებულია არასრულად, კერძოდ, ისეთ შეკითხვებზე, რომლებიც მოითხოვს დადებითი პასუხის შემთხვევაში ინფორმაციის დაკონკრეტებას, ინფორმაცია მითითებული არ არის. გარდა ამისა, ორდერების 9% (5 შემთხვევა) გაცემულია მიუხედავად იმისა, რომ დაგროვებული ქულები არ აკმაყოფილებს ორდერის გამოცემის 3-ქულიან ზღვარს“, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლიდან ოჯახში ძალადობის რეაგირების თვალსაზრისით გარკვეული მექანიზმები დანერგა, თუმცა აუდიტი შსს-ს რეკომენდაციებს აძლევს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში 2018 წლიდან ოჯახში ძალადობაზე რეაგირების თვალსაზრისით რიგი მექანიზმები დაინერგა (რისკის შეფასება, შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის წესი, სასჯელის გამკაცრება). აღნიშნული წინგადადგმული ნაბიჯია და თვისობრივად აუმჯობესებს ძალადობის შემთხვევებზე სამინისტროს მხრიდან რეაგირების პროცესს. მიუხედავად ამისა, არსებობს რიგი ხელისშემშლელი ფაქტორები, რაც ასუსტებს დანერგილი მექანიზმების და განხორციელებული რეაგირების შედეგიანობას. ძალადობის რისკის შეფასება და საპასუხო ღონისძიების განსაზღვრა, ძალადობის ისტორიის გათვალისწინებას საჭიროებს. აღნიშნული ინფორმაციის მორეაგირე პირებისთვის ხელმისაწვდომობით და დამცავი ორდერის სათანადო აღრიცხვით, პოლიციელი შეძლებს რისკის უკეთესად შეფასებას, რაც ხელს შეუწყობს მსხვერპლის დაცულობის ხარისხის გაზრდას და საპასუხო ზომების განსაზღვრისას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნული კი ადეკვატური რეაგირების მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, – წერია აუდიტის ანგარიშში.