სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ შრომის ინსპექციის მექანიზმის არსებული ფორმატი არაეფექტიანია და ინსპექციის შეზღუდული უფლებამოსილებები შეუძლებელს ხდის შრომით ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი კანონშეუსაბამობების გამოვლენას, რასაც არსებითად ნეგატიური გავლენა აქვს საქართველოში შრომითი უფლებების დაცვის ხარისხზე, – ამის შესახებ ნათქვმია აუდიტის სამსახურის ანგარიშში, რომელიც დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმებს ეხება.
“პასუხისმგებელ უწყებებს შორის საჭირო კოორდინირებული პოზიციის არარსებობის გამო, შრომის ინსპექციას არ აქვს მინიჭებული ადეკვატური უფლებამოსილებები, რაც საჭიროა
შრომით კანონმდებლობასთან დამსაქმებელთა საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. შრომითი უფლებების დაცვის ძირითადი მექანიზმის ამ ფორმატში
არსებობა ნეგატიურად აისახება ქვეყანაში დასაქმებულთა შრომითი უფლებების რეალიზების ხარისხზე. აღნიშნული ცვლილებების განუხორციელებლობა ასევე აფერხებს სამინისტროს მიერ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დროულად და სათანადოდ შესრულებას”, – წერია აუდიტის ანგარიშში.
როგორც აუდიტის ანგარშშია ნათქვამი, გაფრთხილების გარეშე განხორციელებული ვიზიტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინსპექტირების მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.
არსებული რეგულაციების თანახმად, ინსპექტირების ვიზიტის განსახორციელებლად, აუცილებელია არა მხოლოდ დამსაქმებლის ხუთი კალენდარული დღით ადრე გაფრთხილება,
არამედ მისი წინასწარი თანხმობა, რაც ნიშნავს იმას, რომ დამსაქმებლის მხრიდან უარის შემთხვევაში, ინსპექციის განხორციელება შეუძლებელია.
ანგარიშში ნათქვამია, რომ შრომის ინსპექციის მექანიზმის არაეფექტიანი ფუნქციონირების პირობებში, დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის ძირითად გზად რჩება სასამართლო.