აუდიტის სამსახური - ჰიდროგრაფიის სამსახურის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ დაკისრებული 430 ათასი ლარი არ ანაზღაურდა
აუდიტის სამსახური - ჰიდროგრაფიის სამსახურის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ დაკისრებული 430 ათასი ლარი არ ანაზღაურდა

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, საქართველოს ჰიდროგრაფიის სამსახურის სასარგებლოდ, სასამართლოს მიერ დაკისრებული 430 ათასი ლარი არ ანაზღაურდა. საუბარია 2007 წელს ჰიდროგრაფიულ სამსახურსა და შპს „ჰაიგმასტერს“ (რეგისტრირებულია ბრიტანეთში) შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის ღირებულება 331 900 დოლარს შეადგენდა.

2007 წლის 15 ნოემბერს დადგინდა, რომ ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული მეტეოროლოგიურ-სინოპტიკური საშუალება დაზიანდა და ზღვაში ჩაიძირა. აღნიშნულ ფაქტზე, სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს „ჰაიგმასტერს“ დაეკისრა ჰიდროგრაფიის სამსახურის სასარგებლოდ 430 252 ლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურება.

„2010 წლის სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად, დაიწყო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი, თუმცა 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აღნიშნული თანხა გადაუხდელია. 2016 წლის შემდეგ ორგანიზაციის მხრიდან აღნიშნულ საქმეზე რეაგირება არ მომხდარა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

აუდიტის სამსახურში მიაჩნიათ, რომ 430 252 ლარის მიღების ალბათობა დაბალია და შესაბამისად, იგი ვერ აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმებს.