აუდიტის სამსახური - გარდაბნის მუნიციპალიტეტში 8 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის დასრულების ვადა გახანგრძლივდა და მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება გრძელვადიან პერიოდში გადაიდო
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების კონტროლის სისუსტის შედეგად, მუნიციპალიტეტში, ზოგ შემთხვევაში, არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რითაც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლის საქმიანობის ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის პრობლემები.
„ერთ შემთხვევაში, 8 მლნ ლარის ღირებულების პროექტის დასრულების ვადა გახანგრძლივდა და მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება გადაიდო გრძელვადიან პერიოდში. მუნიციპალიტეტს არ შეუსწავლია პრობლემის გამომწვევი მიზეზები და პასუხისმგებელი პირების მიმართ არ გაუტარებია შესაბამისი ღონისძიებები ზიანის ასანაზღაურებლად“, – წერია ანგარიშში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ თანამშრომელთა საშტატო რიცხოვნობა საჭიროებებთან შედარებით, მაღალია.
„გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა აღემატება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილ ზღვრულ ნორმას. ასევე მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 84 ერთეულით აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით, რაც ხელს უწყობს საბიუჯეტო ასიგნებების არაეკონომიურ და არარაციონალურ ხარჯვას“, – განმარტავენ აუდიტის სამსახურში.