აუდიტის სამსახური - ჭადრაკის ფედერაციამ 903 544 ლარი სამთავრობო კომისიისა და სამინისტროს ნებართვის გარეშე გახარჯა
აუდიტის სამსახური - ჭადრაკის ფედერაციამ 903 544 ლარი სამთავრობო კომისიისა და სამინისტროს ნებართვის გარეშე გახარჯა

სპორტული ღონისძიებისთვის ხელმისაწვდომი ალტერნატიული დაფინანსების პირობებში გაიხარჯა საბიუჯეტო რესურსები, რამაც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საკუთარ ბიუჯეტში წარმოშვა დამატებით 903 544 ლარი. აღნიშნული ფულადი სახსრები ფედერაციამ გახარჯა სამთავრობო კომისიისა და სამინისტროს ნებართვის გარეშე, რამაც წარმოშვა საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკები, – ამის შესახებ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საქმიანობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2017-2019 წლებს მოიცავს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ხელშეკრულებით არ არის იდენტიფიცირებული და შედეგად, გაუმჭვირვალეა ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო ჭადრაკის ფედერაციის, FIDE-ის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულებების განსაზღვრის საფუძვლები.

„რიგ შემთხვევებში, მოცემული ვალდებულებების მიხედვით ანგარიშგებისა და ხარჯვის დადასტურების კონტროლის მექანიზმი სუსტია“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დარღვევები აღმოაჩინა შესყიდვების ნაწილშიც, რომელსაც 2017-2019 წლებში საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ახორციელებდა.

„ფედერაციის მიერ სხვადასხვა ინვენტარის/ეკიპირების/აღჭურვილობისა და მომსახურების შესყიდვისას, მიმწოდებელი კომპანიების შერჩევა რიგ შემთხვევებში, ხდებოდა ბაზრის კვლევის და შესაბამისად, ალტერნატიული შეთავაზებების განხილვა/შეფასების გარეშე“, – წერია ანგარიშში.

რაც შეეხება შრომით ანაზღაურებას, აუდიტორები აღნიშნავენ, რომ ფედერაციაში შრომითი ურთიერთობები რიგ შემთხვევებში, არ ეფუძნება შრომის კანონმდებლობის მოთხოვნებს.

„არ არის განსაზღვრული და წერილობითი ფორმით შეთანხმებული ისეთი არსებითი პირობა, როგორიცაა, შესასრულებელი სამუშაო. შესაბამისად, გაურკვეველია, კონკრეტულად რა სახის სამუშაოებს ასრულებს დასაქმებული პირი, რაც სუსტი შიდა კონტროლის პირობებში იწვევს საჯარო სახსრების არაეკონომიურ და არაეფექტიან განკარგვას და ზრდის ფიქტიური შრომითი საქმიანობის ანაზღაურების რისკებს. თანამშრომლებთან ზეგანაკვეთურ სამუშაოებთან დაკავშირებით გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებში ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი და ოდენობა განსაზღვრული არ არის“- აღნიშნულია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.