აუდიტის სამსახური - ავტოპარკის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით მთავრობის 2014 წლის დადგენილება არ შესრულდა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ავტოპარკის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის დადგენილება არ შესრულდა.
„მთავრობის დადგენილების უმთავრესი მიზანი – სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაცია მიღწეული არ არის“, – აღნიშნულია სახელმწიფო ავტოპარკის მართვისა და რეგულირების საკითხების უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტში, რომელიც 2017 წელს მოიცავს.
მაგალითად, აუდიტის სამსახურის მონაცემებით, სახელმწიფო უწყებებს დაევალათ ავტოპარკის ოპტიმიზაციის გეგმების შედგენა და სახელმწიფო კომისიისთვის წარდგენა. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აღნიშნული გეგმები დამტკიცებული არ არის.
აუდიტის სამსახურის მონაცემებითვე, შესწავლილი 34 ორგანიზაციიდან 14-ში ავტომობილების რაოდენობა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულს 401 ერთეულით აღემატება, რითაც არ არის გათვალისწინებული მთავრობის დადგენილების მოთხოვნები. ასევე, მთავრობის დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ, შეძენილი 274 ავტომობილიდან, მთავრობის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით შესყიდულია მხოლოდ 59 ერთეული.
აუდიტის სამსახური მიუთითებს მთავრობის დადგენილების ნაკლოვანებებზეც. კერძოდ, დოკუმენტში მოცემული მოთხოვნები არ იძლევა ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე (ჰიბრიდული და ელექტროავტომობილები) ავტომობილების შეძენის შესაძლებლობას.
აუდიტმა დაადგინა, რომ მთავრობის დადგენილება ავტომობილების შეძენამდე არ ითვალისწინებს მათი ხარჯეფექტურობის ანალიზსაც.
გამოიკვეთა ნაკლოვანებები სამორიგეო ავტომობილების განკარგვის პროცესში, ასევე საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით.
„12 ორგანიზაციაში გამოვლინდა ჯამში 875 შემთხვევა, როდესაც განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებლე პირების შვებულებაში/მივლინებაში ყოფნის პერიოდში, ხდებოდა ავტომობილების ექსპლუატაცია. აუდიტის ობიექტებიდან (შსს-ს სტრუქტურული ერთეულები) მიღებული განმარტებით, მოხელის შვებულებაში ყოფნისას ავტომობილით სარგებლობა აიხსნება სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, რადგან გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო, ხშირად ხდება საჭირო, უმოკლეს დროში შვებულებისას მოხელის გამოძახება, თუმცა შვებულებაში მყოფი პირისთვის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ავტომობილის გადაცემის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი და საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უფლებას დართავდა გარკვეულ პირთა წრეს − შვებულების პერიოდშიც ესარგებლა სამსახურებრივი ავტომობილით, არ არსებობს“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
უწყებამ სისტემური ანგარიში პირველად ჩაატარა. შემოწმდა 34 ორგანიზაცია, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური; ასევე, ზემოთ ჩამოთვლილი უწყებების დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები.