აუდიტის სამსახური - ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები, რის გამოც ბიუჯეტი სავარაუდოდ 232 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას კარგავს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რის შედეგადაც არაერთი დარღვევა გამოავლინა. როგორც ანგარიშში წერია, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ადგილი ჰქონდა ინტერესთა კონფლიქტს.
„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, კონტროლის სისუსტის გამო, მუნიციპალიტეტმა სატენდერო პროცესი წარმართა იმგვარად, რომ დარღვეულია ინტერესთა კონფლიქტის პირობები, სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავდა სხვადასხვა სახის შემზღუდავ მოთხოვნას და მორგებული იყო კონკრეტული მიმწოდებლის ინტერესებს“, – წერია ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშში საუბარია სამუშაოების დასრულების ვადის უსაფუძვლოდ გადაწევაზე.
„ცალკეული ხელშეკრულებების შესრულებისას, მუნიციპალიტეტმა შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები გაზარდა არაობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით და არ გამოიყენა საჯარიმო სანქციები. შედეგად, პროექტი დადგენილ დროში ვერ დასრულდა, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არ არის მიმართული 83.0 ათას ლარზე მეტი ფინანსური რესურსი“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ ქონების განკარგვის პროცესში დოკუმენტში ასახულია მნიშვნელოვანი დარღვევები.
„ქონების განკარგვის პროცესში არსებული სისუსტეების გამო, მუნიციპალიტეტს იჯარის ფორმით გაცემული აქვს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომლის ღირებულება არაგონივრულად დაბალია საბაზრო ფასთან შედარებით. ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ ქონების განკარგვა ხორციელდება არაპროდუქტიულად და ბიუჯეტი კარგავს, სავარაუდოდ, 232 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას“, – წერია დოკუმენტში.