აუდიტის სამსახური - 2020 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში, გადასახდელების ათვისება შესაბამის კვარტალურ გეგმებთან ჩამორჩენით ხასიათდებოდა
აუდიტის სამსახური - 2020 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში, გადასახდელების ათვისება შესაბამის კვარტალურ გეგმებთან ჩამორჩენით ხასიათდებოდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ანგარიშზე, მოხსენებას აქვეყნებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მთავრობას მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში წლიურ გეგმასთან შედარებით ჩამორჩენა აქვს. როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, 2020 წელს გადასახდელების ათვისება შესაბამის კვარტალურ გეგმებთან ჩამორჩენით ხასიათდებოდა პირველი ორი კვარტლის განმავლობაში. აღნიშნული ტენდენცია ნარჩუნდება მესამე კვარტალშიც.

„რაც შეეხება ბიუჯეტის გადასახდელებს, 8 თვის მდგომარეობით ათვისების მაჩვენებელი ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 60.1 პროცენტს (9.6 მლრდ ლარს), ხოლო 9 თვის გეგმის 80.6 პროცენტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გადასახდელების ათვისება შესაბამის კვარტალურ გეგმებთან ჩამორჩენით ხასიათდებოდა პირველი ორი კვარტლის განმავლობაში. აღნიშნული ტენდენცია ნარჩუნდება მესამე კვარტალშიც. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წლის ხარჯვის ტენდენციები წინა წლების შესაბამისი პერიოდის მსგავსია, მოსალოდნელია გადასახდელების მნიშვნელოვანი ნაწილის ათვისების კონცენტრაცია 2020 წლის ბოლოს. პანდემიამ გამოიწვია პროგრამებს/ქვეპროგრამებს შორის თანხების გადანაწილების საჭიროება და გარკვეულწილად შეაფერხა ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების განხორციელება, რაც მათზე გამოყოფილი ასიგნებების ათვისების დაბალ მაჩვენებლებში გამოიხატა. თუმცა, საბიუჯეტო ორგანიზაციების ჭრილში ვლინდება ბიუჯეტის დაგეგმვასა და შესრულებასთან დაკავშირებული ისეთი შემთხვევებიც, რომლებიც საბიუჯეტო რესურსების მართვის არაეფექტიანობითაა გამოწვეული. კერძოდ: გარკვეულ შემთხვევებში, ადგილი აქვს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ თანხების მიმართვას ისეთი ღონისძიებების/პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც ბიუჯეტის კანონით არ იყო გათვალისწინებული ან გამოყოფილი ასიგნება საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცა ორგანიზაციის მხრიდან შესაძლებელი იყო საჭირო ოდენობის რესურსის ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე გათვალისწინება; ზოგიერთი პროგრამა/ქვეპროგრამა ათვისების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება როგორც ბიუჯეტის კანონით დამტკიცებულ, ასევე კვარტალური განწერით განსაზღვრულ 9 თვის გეგმასთან მიმართებით.

საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების მოცულობა ბიუჯეტის კანონის ცვლილებით 2.8 მლრდ ლარიდან 3.0 მლრდ ლარამდე გაიზარდა. აღნიშნული ზრდა ნაწილობრივ (51.2%) განაპირობა შტოპჩოვ ფონდმა, რომელიც პანდემიის საპასუხო ღონისძიებების დასაფინანსებლად შეიქმნა. ფონდის მოცულობა 133.5 მლნ ლარით განისაზღვრა, საიდანაც რვა თვის მდგომარეობით გამოყოფილმა თანხამ 120 მლნ ლარი შეადგინა“, – წერია აუდიტის მოხსენებაში.

რაც შეეხება სახელმწიფო ვალის მოცულობას, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის რვა თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობა 26.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 5.7 მლრდ ლარით აღემატება 2019 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს. აღნიშნული უმეტესწილად დაკავშირებულია ახალი სესხების აღებასთან.

„საინვეტიციო პროექტების ნაწილი, 8 თვის მდგომარეობით, ათვისების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება. კერძოდ, საკრედიტო სახსრების ათვისება 60%-ზე ნაკლებია 14 პროექტის შემთხვევაში. აღნიშნულ პროექტებზე, ცხრა თვის გეგმის გათვალისწინებული იყო 125.4 მლნ ლარის ოდენობით რესურსის მიმართვა, საიდანაც ათვისებული იქნა მხოლოდ 25 მლნ ლარი (20%); საკრედიტო რესურსის სახით მობილიზებული სახსრების დროული ათვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის სესხებისათვის, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადის გადახდას კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე. რვა თვის მდგომარეობით, ჯამურად გადახდილი ვალდებულების გადასახადი 5.4 მლნ ლარს შეადგენს. მათ შორის, 60 პროცენტზე დაბალი შესრულების მქონე 9 პროექტის შემთხვევაში, გადახდილია 2.1 მლნ ლარი“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ მოხსენებაში.