აუდიტი - ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატისა და დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს ყოველთვიური დანამატი აქვს დანიშნული
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური ანგარიშის თანახმად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის და დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს დანიშნული აქვს ყოველთვიური დანამატი (შესაბამისად, მინისტრის და დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით).
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სამინისტროს სისტემაში თანამშრომლებზე2016 წელს „შრომის ანაზღაურების“ მუხლით სულ გაწეულია 11 818 119 ლარის საკასო ხარჯი, მათ შორის დანამატი 1 909 454 ლარი, რაც „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული საკასო ხარჯის 16.2%-ს შეადგენს.
„საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით დანამატის კატეგორია მოიცავს არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დანამატს, მათ შორის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის საზღაურს. ხოლო ერთი ბრძანების საფუძველზე წინასწარ მთელი წლის განმავლობაში დანამატის დანიშვნა თანამდებობრივი სარგოს ხასიათს უფრო ატარებს, ვიდრე დანამატის, რაც გამართლებულ პრაქტიკად ვერ ჩაითვლება. დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან ბრძანებები ზოგადია და არ არის სათანადოდ დასაბუთებული“, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსურ ანგარიშში.