ატმის კრეფის სეზონთან დაკავშირებით, ჩუმლაყში ხილის სარეალიზაციო საბითუმო ბაზარი ამოქმედდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის მოსავლის აღებასთან დაკავშირებით, სოფელ ჩუმლაყში ხილის სარეალიზაციო საბითუმო ბაზარი ამოქმედდა.
დღეიდან, ფერმერებს სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე ატმის, ვაშლატამას, გარგარისა და სხვა ხილის რეალიზაცია შეუძლიათ. ბაზრის ტერიტორიაზე შესვლამდე მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებმა დეზინფექცია უნდა გაიარონ, მძღოლებს კი თერმოსკრინინგის გავლა მოუწევთ. ხილის საბითუმო ბაზარში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი იმყოფებოდნენ. ისინი სარეალიზაციო სივრცის მდგომარეობას გაეცნენ. სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, წელს ყველა პირობაა შექმნილი, ფერმერებს ატმისა და ვაშლატამას რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნათ. ფასს კი, ბაზარი არეგულირებს.
წელს კახეთში 35 000 ტონა ატმის მოსავალს ელოდებიან.