კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება დაიწყო
კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატი დავით სონღულაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ჩუმლაყში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.

„წელს, კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას საკმაოდ დიდ მოსავალს ველოდებით, რომლის საერთო საპროგნოზო რაოდენობა 35 000 ტონაზე მეტი იქნება. პროდუქციის რეალიზების პრობლემა არ არის. საქართველოდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელდება. ჯამში, 22 სამაცივრე მეურნეობა იმუშავებს. ჩვენი სამინისტრო გააკონტროლებს მწვანე დერეფნის ფუნქციონირებას. მინდა, ფერმერებს მოვუწოდო, ჩაერთონ სადაზღვევო პროგრამაში, რომლის ფარგლებში, დღეისათვის, მხოლოდ 24 ჰექტარი მიწის ფართობია დაზღვეული, ბაღების საერთო ფართობი კი, დაახლოებით, 6 000 ჰექტარს შეადგენს“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ასევე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კორონავირუსის პირობებში, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ფერმერებს აგროვადების დაცვით სამუშაოების განხორცილებაში შეფერხება არ ჰქონოდათ.

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით მიღებულმა დახმარებამ ხელი შეუწყო მოსავლის აღების პროცესს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით, კახეთში 3 მძლავრი გადამმუშავებელი კომბინატი მუშაობს, სადაც წვენებისა და ხილფაფების წარმოება ხდება. ვფიქრობ, ატმის რთველი წარმატებით ჩაივლის და ფერმერები კმაყოფილები იქნებიან“, – განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღეის მდგომარეობით, დაკრეფილი ატმისა და ვაშლატამას მოსავლის რაოდენობა 396 ტონაზე მეტია, საიდანაც ექსპორტირებულია 49 ტონა შეადგინა. ატმის საბითუმო ფასი 1.00-დან 1,3 ლარამდე მერყეობს.