ატლანტის ოკეანის სიღრმეში მტკნარი წყლის გიგანტური რეზერვუარი აღმოაჩინეს
ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, აშშ-ის სანაპიროსთან, მლაშე წყლის ქვეშ გეოლოგებმა მტკნარი წყლის შემცველი გიგანტური ფენა აღმოაჩინეს.
მიუხედავად საოცარი ზომისა, ეს აღმოჩენა მთლად მოულოდნელიც არ ყოფილა. მტკნარი წყლის სიგნალები პირველად 1970-იან წლებში შენიშნეს, მაგრამ ამ დრომდე არავინ ელოდა, რომ ფოროფან ქანებში ჩაჭედილი უზარმაზარი რეზერვუარი აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს თითქმის მთელ სიგრძეზე იქნებოდა გადაჭიმული.
კოლუმბიის უნივერსიტეტის გეოლოგის, კლოე გუსტაფსონის განცხადებით, იზოლირებულ ადგილებში მტკნარი წყლის არსებობის შესახებ მათთვის აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ არ იცოდნენ მისი ზუსტი გეომეტრია.
2015 წელს გუსტაფსონის კოლეგებმა ნიუ-ჯერსისა და მასაჩუსეტსის სანაპიროებზე საპილოტე კვლევა ჩაატარეს.
კვლევით გემზე განთავსებული ელექტრომაგნიტური მიმღების გამოყენებით, ნაპირიდან მოშორებულ ზონებში, კონტინენტური შელფების ქვეშ არსებულ დანალექებში ჯგუფი მიწისქვეშა წყლების დეპოზიტებს ეძებდა.
1970-იან წლებში, ნავთობკომპანიების მიერ წარმოებული კვლევითი სამუშაოების დროს, გაბურღვისას შემთხვევით მტკნარი წყალი აღმოაჩინეს; შესაბამისად, მეცნიერებმა მისი არსებობის შესახებ გარკვეულწილად უკვე იცოდნენ. თუმცა, უცნობი რჩებოდა რესურსის მოცულობა და ზუსტი მონაცემები.
სწორედ ამ მიზნით, სპეციალური გემით, მკვლევართა ჯგუფი ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს 10 დღის განმავლობაში იკვლევდა. ისინი გემის ქვეშ წყალში ელექტროგამტარობას ამოწმებდნენ.
მლაშე წყალი ელექტრომაგნიტურ ტალღებს მტკნარ წყალზე უკეთ ატარებს; შესაბამისად, ამ ტალღების მიმღები სპეციალური მოწყობილობით მკვლევრებმა წყალშემცველი ფენის ზუსტი მოცულობა განსაზღვრეს.
დადგინდა, რომ თითქმის უწყვეტი წყალქვეშა წყალშემცველი ფენის სისტემა აშშ-ის ატლანტიკურ სანაპიროსთან სულ მცირე 350 კმ-ზე ვრცელდება და შეიცავს დაბალი მარილიანობის მქონე 2800 კუბურ კილომეტრ მიწისქვეშა წყალს.
მკვლევართა აზრით, მტკნარი წყლის შემცველი ფენა ვრცელდება დელავერიდან მასაჩუსეტსის შტატამდე, შესაძლოა, უფრო შორსაც.
მათი განცხადებით, მტკნარი წყალი ამ ზონაში სავარაუდოდ ბოლო გამყინვარების ხანაში მოხვდა, როცა ის კლდოვან დანალექებში ჩაიჭედა.
აშშ-ში ამ წყლის სასმელად გამოყენების საჭიროება ამჟამად არ დგას. თანაც, მისი გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით ზედა ფენა, დროთა განმავლობაში დაბინძურებული იქნება მარილით. თუმცა, როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, თუკი ასეთ რეზერვუარს მსოფლიოს მშრალ, უწყლო რეგიონებთან აღმოაჩენენ, უზარმაზარი იქნება მისი მნიშვნელობა გამოყენების თვალსაზრისით.
კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია columbia.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.