„ატლანტიკურმა საბჭომ“ 2022 წლის გლობალური სტრატეგია გამოაქვეყნა, სადაც საუბარია საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და საქართველოს პრაქტიკული დახმარების აუცილებლობაზე
„ატლანტიკურმა საბჭომ“ 2022 წლის გლობალური სტრატეგია გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და საქართველოს პრაქტიკული დახმარების აუცილებლობაზეც არის საუბარი.
სტრატეგიაში სახელწოდებით, „კრემლის აგრესიის ჩაშლა დღეს, კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის ხვალ“ აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ 2021 წლის დეკემბერში აშშ-სა და ნატო-სთვის წარდგენილი პირობები, ძირითადად, ცივი ომის პერიოდის ევროპის დაყოფის აღდგენა იყო, რადგან პუტინი მიზნად ისახავს ნატო-ს გაფართოების შეჩერებას და აშშ-ის ევროპიდან გასვლას.
ანგარიშის მიხედვით, ეს ხდება ბელარუსის ინტეგრაციის მუდმივი მუქარის, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის, ქართული მიწების მცოცავი ანექსიის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტით მანიპულირებისა და კრემლის ხელმძღვანელობით მოქმედი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ მიერ ყაზახეთში ძალის პირველი გამოყენების კონტექსტში.
„დღევანდელი კრიზისი სრულიად გამოგონილია. პუტინი აღიარებს, რომ უკრაინაში, საქართველოში ან ბელარუსში თავისუფლება და დემოკრატია წარმატებას თუ მიაღწევს, თუ ისინი მიჰყვებიან ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმატებულ გზას, მხოლოდ დროის საკითხია, ვიდრე რუსი ხალხი საკუთარი თავისთვის მეტს მოითხოვს“, – აღნიშნულია მოხსენებაში.
ატლანტიკური საბჭოს ანგარიშის მიხედვით, კრემლის პროვოკაციების სია გრძელია და მოიცავს, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინაში, სამხედრო მოქმედებებს, საზღვრების ძალით შეცვლას, მუდმივ კიბერშეტევებს; აგრეთვე, არჩევნებში ჩარევას აშშ-სა და სხვა მრავალ დემოკრატიულ ქვეყანაში, მკვლელობებს საზღვარგარეთ, დეზინფორმაციულ კამპანიებს, გადატრიალების მცდელობებსა და დიქტატორების მხარდაჭერას.
ატლანტიკური საბჭოს 2022 წლის სტრატეგია მოკლევადიან და გრძელვადიანი ამოცანებს სახავს, რომლის მიხედვით, შავ ზღვაში ნატო-ს პარტნიორებთან, საქართველოსა და უკრაინასთან აშშ-მა თანამშრომლობა უნდა გააღრმავოს, მათ თავდაცვას მხარი დაუჭიროს და დააწესოს პროპორციული სანქციები მოსკოვის მიერ საქართველოში მიმდინარე აგრესიის გამო.
ატლანტიკური საბჭოს რეკომენდაციაა, რომ ნატო-მ გაცილებით მეტი უნდა იმუშაოს შავი ზღვის რეგიონში შეკავების გასაძლიერებლად, აშშ-მა უნდა იმუშაოს ნატო-ს მოკავშირეებთან, საქართველოსა და უკრაინასთან – ორ პარტნიორ ქვეყანასთან, რომლებიც უშუალოდ რუსეთის ოკუპაციის წინაშე დგანან.
დოკუმენტის მიხედვით, შავ ზღვაში პოზიციების გასაძლიერებლად, ნატო-მ ოდესის საპორტო ობიექტების მშენებლობას ხელი უნდა შეუწყოს, რაც ალიანსის ხომალდებს მოემსახურება და ბრიუსელმა ანალოგიურად უნდა იმოქმედოს საქართველოსთან მიმართებაშიც. ატლანტიკური საბჭოს ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უნდა ახლდეს აშშ-ის ხელმძღვანელობით დიპლომატიური ძალისხმევა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, რათა ფოკუსირება მოხდეს კრემლის მიმდინარე აგრესიაზე საქართველოში.
აშშ-მა ასევე შეიძლება შენიშნოს, რომ სწორედ ის პრინციპები, რომლებიც მას მოჰყავს კრემლის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოსა და უკრაინაში – სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის დაუშვებლობა, დაიცავს რუსეთს ჩინური რეციდივიზმისგან, რადგან ახლო ურთიერთობების მიუხედავად, ჩინეთს აქვს ტერიტორიული პრეტენზიები რუსეთის შორეულ აღმოსავლეთსა და ციმბირში.
ატლანტიკური საბჭოს რეკომენდაციაა, რომ ნატო უნდა შეეცადოს სამი ყოველწლიური სამხედრო წვრთნის: „მცველი მახვილის“ (სახმელეთო წვრთნები რუმინეთთან, უნგრეთთან და ბულგარეთთან), „ზღვის ქარის“ (საზღვაო წვრთნები უკრაინასთან) და „ღირსეული პარტნიორის“ ((სახმელეთო წვრთნები საქართველოსთან) გაერთიანებას, რაც ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონული საფრთხის საერთო გაგებას და თანამშრომლობას საჰაერო და საზღვაო თავდაცვის სფეროში, ასევე, უკრაინამ და საქართველომ შესაძლოა, გააძლიერონ ნატო-ში საბოლოო გაწევრიანების პერსპექტივები. ატლანტიკური საბჭოს გლობალური სტრატეგიის მიხედვით, აშშ-მა უნდა შეისწავლოს ნატო-ს დაზვერვის გაფართოებული თანამშრომლობა ფინეთთან და შვედეთთან ბალტიის ზღვაში, საქართველოსთან და უკრაინასთან, ასევე – რუმინეთთან და ბულგარეთთან შავ ზღვაში.
„საქართველოს უსაფრთხოების კიდევ უფრო გასაძლიერებლად, და ისევ და ისევ, კრემლის გენერალური შტაბის გეგმების გასართულებლად, ვაშინგტონმა უნდა განათავსოს აშშ-ის ინფრასტრუქტურა (ლოგისტიკა, აღჭურვილობა, საჰაერო ზოლი) აშშ-ის საჰაერო ძალების გამოსაყენებლად. ეს ძალზე არასაკმარისია აშშ-ის ბაზის შესაქმნელად, მაგრამ უზრუნველყოფს აშშ-ის საჰაერო ძალების ყოფნას საქართველოში, ასევე, გაზრდის ნატო-ს თავსებადობას“, – აღნიშნულია ანგარიშში.