ადგილობრივი არჩევნები უკრაინაში, ზელენსკის ზღაპარი დასრულდა, – ასეთი სათაურით აქვეყნებს „ატლანტიკური საბჭო“ ანდერს ასლუნდის ბლოგს უკრაინაში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შესახებ.
როგორც ავტორი აღნიშნავს, უკრაინაში 25 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები არის ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატის მნიშვნელოვანი ინდიკატორი სულ რაღაც წელიწად-ნახევარში მას შემდეგ, რაც უკრაინის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელმა გამარჯვებამ პრეზიდენტ ზელენსკის უპრეცედენტო ძალაუფლება მოუტანა. ეს არჩევნები ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მინიჭებული გაფართოებული უფლებამოსილების კუთხითაც, რაც არის უკრაინის 2014 წლის ღირსების რევოლუციის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად აღიარებული დეცენტრალიზაციის პროცესის შედეგი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ეგზიტპოლების თანახმად, გამოიკვეთა ოთხი ძირითადი დასკვნა: პირველი, ეს არჩევნები დამთავრდა ადგილობრივი გავლენიანი პირების გამარჯვებით. როგორც ჩანს, მოქმედმა მერებმა თითქმის ყველგან გაიმარჯვეს, მიუხედავად იმისა, ითვლებიან თუ არა ისინი კორუმპირებულ მოხელეებად; მეორე, არჩევნებში აქტიურობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია (დაახლოებით 37%), თითქმის 10%-ით ნაკლები, ვიდრე 2015 წლის ადგილობრივი არჩევნების ბოლო რაუნდში (45%), რაც მიუთითებს ელექტორატის დემობილიზაციაზე; მესამე, უკრაინელმა ელექტორატმა ყველა ეროვნულ პოლიტიკურ პარტიას უნდობლობა გამოუცხადა. პრორუსულ პარტიას „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ შედარებით უკეთესი შედეგები აქვს, ხოლო პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ „ხალხის მსახური“ განსაკუთრებით დაბალი შედეგი აჩვენა. ასეა თუ ისე, ქვეყნის ვერც ერთმა ეროვნულმა პარტიამ ვერ შეძლო მოქმედი მერების ადგილობრივი პარტიების დამარცხება.
„უკრაინის ადგილობრივი არჩევნებიდან გამოტანილი მეოთხე დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინის დემოკრატია დღესაც სიცოცხლით სავსეა. მოცემულ ეტაპზე, როგორც ჩანს, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა პირველ რაუნდში მოაგროვეს მხოლოდ ხარკოვის და ვინიცის მერებმა, რაც გამორიცხავს მე-2 რაუნდის აუცილებლობას. ყველა სხვა დიდ ქალაქში სამ კვირაში მოსალოდნელია მე-2 რაუნდი ორ ლიდერ კანდიდატს შორის. თითქმის ყველა ქალაქში მოსალოდნელია მოქმედი ხელმძღვანელების გამარჯვება, თუმცა ის ფაქტი, რომ აუცილებელი გახდა მეორე რაუნდის ჩატარება მიუთითებს პოლიტიკური კონკურენციის იმედისმომცემ დონეზე.
რას ნიშნავს ეს უკრაინის ეროვნული პოლიტიკისთვის? ზოგადად, მოსალოდნელი იყო, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახური“ დაიშლებოდა. ეს მოლოდინი დღესაც რეალურია და სავარაუდოც კი, თუმცა არც რომელიმე სხვა პარტია გამოიყურება უკეთ.
შეძლებს თუ არა პრეზიდენტის პარტია ერთობის შენარჩუნებას? მისი მნიშვნელოვანი ნაწილი (40-45 პარლამენტარი) უკვე მიემხრო ოლიგარქ იგორ კოლომოისკის, რომელიც აკონტროლებს პარტიას „მომავლისთვის“ (24 დეპუტატი პარლამენტში). შეეცდება თუ არა კოლომოისკი პრეზიდენტის მმართველი უმრავლესობის დაშლას და დამატებითი დეპუტატების შემოერთებას?
არსებობს ვარაუდი, რომ „ხალხის მსახურის“ პარლამენტარები იღებენ სულ უფრო მომხიბვლელ შეთავაზებებს სხვა, კოლომოისკიზე ნაკლებად გავლენიანი პირებისგან, რომლებიც პოლიტიკოსების უკან დგანან და რეალურ ძალას ფლობენ. სტატიის ავტორის აზრით, მომდევნო კვირებსა თუ თვეებში მოსალოდნელია „პოლიტიკური დეზერტირობის“ შემთხვევათა მატება.
„ხალხის მსახურის“ დანარჩენი წევრი პარლამენტარები შეიძლება გამოვიდნენ პარტიული ხაზის წინააღმდეგ და ამჯობინონ იმ რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერა, რომელმაც 2019 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში გამართულ არჩევნებში უპრეცედენტო წარმატება მოუტანა ზელენსკის.
2020 წლის მარტში ზელენსკის პირველი კაბინეტის დათხოვნამდე მისი პარტია მნიშვნელოვან საკითხებზე კენჭისყრაში ერთიანდებოდა უკრაინის ორ ყველაზე სანდო რეფორმისტ და პროდასავლურ პარტიასთან: ევროპული სოლიდარობა და „ხმა“, თუმცა ამ ბოლო პერიოდში ზელენსკის პარტია გამოდის რეფორმების წინააღმდეგ, პრორუსულ პარტიასთან „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ ერთად, რომელსაც სათავეში უდგას პუტინის არაოფიციალური წარმომადგენელი უკრაინაში ვიქტორ მედვედჩუკი.
ეს ალიანსი მედვედჩუკთან დაემთხვა ზელენსკის და მისი პარტიის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის მკვეთრ კლებას. ლოგიკური დასკვნა: უკრაინელები გმობენ პრეზიდენტის პრორუსულ, ანტირეფორმისტულ კურსს. ესმით კი ეს ზელენსკის და მის შიდა წრეს?
შეშფოთების საგანთა რიცხვში შედის 2021 წლის უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტი. მართალია, მისი მიღება მალე უნდა მოხდეს, მაგრამ ამ მხრივ უკრაინა საკმაოდ მოქნილია. თუკი მინისტრთა კაბინეტი ვერ უზრუნველყოფს ბიუჯეტის მიღებას პარლამენტის მიერ, იგი იძულებული უნდა გახდეს, რომ გადადგეს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს სიტუაციებში უკრაინამ წარსულში მოქნილობის საკმაოდ მაღალი ხარისხი გამოიჩინა.
ნებისმიერ შემთხვევაში, ადგილობრივი არჩევნების შედეგებმა დაადასტურა, რომ უკრაინას აღარ აქვს საპარლამენტო უმრავლესობის ფუნქციონირებისთვის საფუძველი. მართლაც, მომდევნო თვეებში კონკრეტული კანონების მისაღებად კოალიციების შექმნა შეიძლება გართულდეს“, – აღნიშნულია სტატიაში.
ამავე სტატიის თანახმად, ყველაზე ლოგიკური გამოსავალი იქნება ამჟამინდელი მთავრობის და პარლამენტის დათხოვნა, რაც შეიძლება განხორციელდეს რამდენიმე ალტერნატიული პროცედურის მეშვეობით.
„პრეზიდენტი, რომელსაც ალბათ მობეზრდა საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობა, არის ყველაზე ლოგიკური კანდიდატი ამ პროცესის წამოსაწყებად.
მეორე მხრივ, ნებისმიერი ახალი არჩევნები იქნება ძალიან დიდი რისკი გაურკვეველი შედეგებით ადამიანისთვის, რომელმაც, ცოტა ხნით მაინც მოიპოვა უფრო მეტი ძალაუფლება, ვიდრე სხვა რომელიმე უკრაინელმა ლიდერმა.
ინაუგურაციიდან თითქმის 18 თვის შემდეგ ზელენსკის პრეზიდენტობა, როგორც ჩანს, სერიოზული პრობლემების წინაშეა. მას, როგორც ჩანს, არ აქვს რაიმე კონკრეტული პროგრამა, და ამას თავადაც უნდა ხვდებოდეს. ზელენსკის პარტიაც „ხალხის მსახური“ უკუსვლის გზაზეა, შარშან გამაოგნებელი აღზევების უკუპროპორციულად.
ამავე დროს, არც სხვა ეროვნულ პარტიებს ეტყობათ, რომ შეუძლიათ ზელენსკის მომაკვდავი ბრენდის ჩანაცვლება. უკრაინის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობა, რასაც ერთვის მთავარი პოლიტიკური პარტიების უუნარობა, დაამარცხონ ადგილობრივი გავლენიანი პირები, მიუთითებს მთლიანად პოლიტიკური კლასისადმი ნდობის კრიზისზე.
ზელენსკი აირჩიეს იმიტომ, რომ მან დადო უკრაინული პოლიტიკის გულში კორუფციის კულტურის დასრულების პირობა. როგორც კი მან მიატოვა ეს ამბიციები, მისი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჩამოიშალა. ეს მწარე გამოცდილება უკრაინელ ამომრჩეველს, დიდი ალბათობით, უბიძგებს მეტი სიფრთხილისკენ ახალი ეროვნული მხსნელის ძიებაში, მაგრამ ვერ აღმოფხვრის მათში კანონის უზენაესობისა და დაუსჯელობის დასრულების წყურვილს.
კარი კიდევ ერთხელ ღიაა ახალი პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც მზად არის კორუფციასთან საბრძოლველად და შესთავაზებს უკრაინელებს ელემენტარულ სამართლიანობას, რომელიც მათ ასე სწყურიათ. მსგავსმა მოთხოვნებმა უკვე ორჯერ გამოიწვია სახალხო აჯანყება პოსტსაბჭოთა უკრაინაში. 25 წლის არჩევნები კი შეგვახსენებს, რომ ეს მოკრძალებული მოლოდინები ჯერაც არ არის შესრულებული“, – აღნიშნულია სტატიაში.