ათენში სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ 1973 წელს მომხდარი აჯანყების 44-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მსვლელობა არეულობში გადაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
დემონსტრაციაში 13 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. მსვლელობა აშშ-ის საელჩოსკენ გაიმართა. საბერძნეთის მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ აშშ შვიდი წლის განმავლობაში სამხედრო დიქტატურას მხარს უჭერდა.
ათენის ცენტრში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხუთი ათასი სამართალდამცველი იყო მობილიზებული.
მსვლელობა თავდაპირველად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. თუმცა, მოგვიანებით, ახალგაზრდების ჯგუფმა პოლიციას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ქვები დაუშინა. თავის მხრივ, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
დემონსტრაციამდე საბერძნეთის მცხოვრებლებმა ათენის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან, იმ ადგილზე, სადაც აჯანყების ჩახშობის დროს 24 ადამიანი მოკლეს, ყვავილები მიიტანეს. 1973 წლის სტუდენტების აჯანყებიდან დაახლოებით, ერთ წელიწადში სამხედრო ხუნტა დაეცა.