ათენის ჩრდილოეთით ტყის ხანძარს ებრძვიან, ხანძარია იტალიის კუნძულ სარდინიასა და ესპანეთის კატალონიის რეგიონშიც
ათენის ჩრდილოეთით ტყის ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ფიჭვის ტყეში გაჩნდა და საბერძნეთის დედაქალაქის გარეუბნებს საფრთხე შეუქმნა. დამწვარია რამდენიმე სახლი.
ათენიდან 30 კილომეტრში მდებარე სამანტადან ევაკუირებულია მოსახლეობა. სხვა მიმდებარე დასახლებების მცხოვრებლებს კარებისა და ფანჯრების დახურვას ურჩევენ. კვამლი შეინიშნება ათენშიც. დედაქალაქის ზოგიერთ რაიონი შემცირებულია ხილვადობა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ამჟამად მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია 300-მდე მეხანძრე, ვერტმფრენები და თვითმფრინავები.
ხანძარი მძვინვარებს ასევე იტალიის კუნძულ სარდინიაზე და ესპანეთის კატალონიის რეგიონში. კატალონიაში დამწვარია 1 657 ჰექტარის ფართობის ტერიტორია. სარდინიაზე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.
ხანძარი კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მძვინვარებს, საიდანაც ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.
იტალიის ხელისუფლების მიმართვის შემდეგ, ევროკავშირმა განაცხადა, რომ სარდინიაზე სახანძრო თვითმფრინავებს გაგზავნის.