ეს საქმე ურთულესია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბნელი მატერია უხილავია. ამ უჩინარი მატერიის შესახებ მეცნიერებმა იქიდან იციან, რომ მისი მძლავრი გრავიტაცია გალაქტიკებს ერთიანობას უნარჩუნებს.
სხვა ობიექტებზე მის გავლენაზე დაკვირვებებით, ასტრონომები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბნელი მატერია სამყაროს მთლიანი მატერიის დაახლოებით ერთ-მეოთხედს შეადგენს.
ახალი რუკა შვიდი ქვეყნის წარმომადგენელი 400 მეცნიერის მრავალწლიანი დაუღალავი მუშაობის შედეგია; პროგრამას ბნელი ენერგიის კატალოგიზაცია (DES) ჰქვია.
ჩილეში მდებარე ვიქტორ ბლანკოს ტელესკოპით ისინი მილიონობით გალაქტიკას სწავლობდნენ. ამ გალაქტიკათა გადანაწილება და მათგან დედამიწამდე მოღწეული სინათლე ასტრონომებს გარკვეულ ცნობებს აწვდის იმის შესახებ, რამდენი ბნელი მატერიაა მოქცეული ამ გალაქტიკებსა და ჩვენს პლანეტას შორის.
გასულ კვირაში გამოქვეყნებულ კვლევათა სერიაში ჯგუფმა აჩვენა, რომ სამყარო გადაჭედილია ერთად შეკრული უზარმაზარი გალაქტიკათგროვებით, რეგიონებით, სადაც ბნელი მატერიაც უხვად არის.
მათი რუკა, რომელიც დედამიწიდან დანახული ცის მხოლოდ ერთ-მერვედს მოიცავს, ასევე აღწერს სამყაროს იმ მონაკვეთებს, სადაც თითქმის არ არის არც ბნელი მატერია და არც გალაქტიკები.
როგორც ჩანს, ეს ცარიელი ზონები ერთმანეთთან დაკავშირებულია კოსმოსური აბლაბუდას სახით, ვარსკვლავთშორისი გაზით.
„რუკა გვიჩვენებს სამყაროს ისეთ ახალ ნაწილებს, რომლებიც აქამდე არასოდეს გვინახავს. რეალურად ვხედავთ კოსმოსური აბლაბუდას სტრუქტურას, მათ შორის კოსმოსური ვოიდების სახით ცნობილ უზარმაზარ სტრუქტურებს, რომლებიც სამყაროს ძალიან დაბალი სიმკვრივის რეგიონებია და შიგნით ძალიან ცოტა გალაქტიკა და მატერიაა მოქცეული“, — ამბობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის კოსმოლოგი ნიალ ჯეფრი.
ქვემოთ მოცემული ფოტო ახალი რუკის ერთ მონაკვეთს ასახავს; ვოიდები მოცემულია შავად, გალაქტიკათგროვები კი კაშკაშა ნარინჯისფრად.
ჯეფრის განცხადებით, მათი აღმოჩენა მიუთითებს, რომ ამ ვოიდებში გრავიტაცია შეიძლება ისეთივე პრინციპით არ მოქმედებს, როგორც დედამიწაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეიძლება ფიზიკის სტანდარტული კანონები არ ერგება.
მიუხედავად იმისა, რომ ბნელ მატერიაზე პირდაპირი დაკვირვება ვერ ხერხდება, მეცნიერებს მის დაფიქსირებაში ეხმარება მისივე გავლენა სხვა ობიექტებზე.
ბნელი მატერია შორეული გალაქტიკებიდან დედამიწისკენ მომავალ სინათლეს ამრუდებს, დაახლოებით ისე, როგორც კალეიდოსკოპი. შესაბამისად, გამრუდების სიძლიერის გაზომვით, ასტრონომებს შეუძლიათ გამოთვალონ, რამდენი ბნელი მატერიაა ჩვენსა და სხვა გალაქტიკას შორის და რამდენად არის ის შეკუმშული.
თუ გალაქტიკის სინათლე ძლიერ გამრუდებულია, ეს იმაზე მიუთითებს, რომ უხილავი ბნელი მატერია, რომელიც მას ბინდავს, მკვრივად არის შეჯგუფებული.
გამომდინარე აქედან, ჯეფრიმ და მისმა ჯგუფმა შეისწავლა, რამდენად იყო გამრუდებული 226 მილიონი სხვადასხვა გალაქტიკის სინათლე; მათ შორის იყო როგორც ახლომდებარე, ისე ჩვენგან მილიარდობით სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკები.
ამ გალაქტიკებს ისინი ტელესკოპით 2013-2016 წლებში, 345 ღამის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ამის შემდეგ, მონაცემებისგან ხელოვნური ინტელექტით შექმნეს ბნელი მატერიის დეტალური რუკა.
დაკვირვებათა შემდეგი ეტაპი 413 ღამეს გაგრძელდა და 2019 წელს დასრულდა; შესაბამისად, მკვლევართა ჯგუფი ბნელი მატერიის კიდევ უფრო დიდი და დეტალური რუკის შექმნას გეგმავს.