პოლონელმა ასტრონომებმა ჩვენს გალაქტიკაში ორი ახალი პლანეტა აღმოაჩინეს. ჩვენთვის ცნობილი თითქმის ყველა სხვა პლანეტისგან განსხვავებით, ეს პლანეტები რომელიმე ვარსკვლავის გარშემო არ მოძრაობენ.
ამის მაგივრად, ისინი უმისამართოდ დაეხეტებიან ცივ, უსასრულო სივრცეში.
მოხეტიალე პლანეტების დაფიქსირება ზედმეტად რთულია. პლანეტების აღმოჩენა ძირითადად ტრანზიტის მეთოდით ხდება, ანუ, როდესაც ტელესკოპსა და ვარსკვლავს შორის პლანეტა ჩაივლის, რაც მნათობის შუქში ოდნავ ჩაბნელებას იწვევს.
შესაბამისად, ამ ორი მოხეტიალეს დასაფიქსირებლად პოლონელმა ასტრონომებმა გრავიტაციული მიკროლინზირების სახელით ცნობილი მეთოდი გამოიყენეს.
ამ მეთოდით, ისინი ეძებდნენ წერტილებს, რომლებშიც შორეულ ვარსკვლავთა სინათლე გამრუდებული იყო მოხეტიალე პლანეტათა გრავიტაციით.
გამომდინარე იქიდან, რომ ამ ორი პლანეტის მტკიცებულება არაპირდაპირია, მეცნიერებმა დაზუსტებით არ იციან მათი ზომები. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი მათგანის მასა იუპიტერისას 2-20-ჯერ აღემატება.
რაც შეეხება მეორეს, მისი მასა დედამიწისას 2,3-23-ჯერ უნდა აჭარბებდეს.
ამ პლანეტათა აღმომჩენი ასტრონომები არ გამორიცხავენ შესაძლებლობას, რომ ისინი სიცოცხლისათვის ხელსაყრელი იყოს, მაგრამ დედავარსკვლავის სინათლისა და სითბოს გარეშე, ამის ალბათობა თითქმის არ არსებობს.
ასტრონომთა შეფასებით, ჩვენს გალაქტიკაში, მოხეტიალე პლანეტათა რიცხვი შესაძლოა, ვარსკვლავების მთლიან რაოდენობას აჭარბებდეს.
მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.