პირველად ისტორიაში, ასტრონომებმა ფოტო გადაუღეს ეგზოპლანეტის დაბადების პროცესს.
გერმანიის მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა, მომაჯადოებელი კადრები გადაუღო პლანეტის ფორმაციის პროცესს ახალგაზრდა ჯუჯა ვარსკვლავ PDS 70-ის გარშემო. ეს ვარსკვლავი მდებარეობს ჩვენგან 370 სინათლის წლის მანძილზე, კენტავრის თანავარსკვლავედში.
პლანეტებზე მონადირე ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტის, ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) კუთვნილი Very Large Telescope (VLT)-ის გამოყენებით, პირველად ისტორიაში, მკვლევართა ჯგუფმა პირდაპირ, ნათლად დააფიქსირა, როგორ მიაპობს პლანეტათა წარმოქმნისთვის საჭირო ნივთიერებათა მორევს ახალგაზრდა პლანეტა PDS 70b.
როგორც წესი, ეს ნივთიერებები ახალგაზრდა ვარსკვლავებს გარს აკრავს დისკოს სახით. დროთა განმავლობაში, ამ მასალით იქ პლანეტები იბადებიან და ვარსკვლავის გარშემო იწყებენ მოძრაობას. ამ პროცესში, თანდათან იერთებენ ნივთიერებებს და ზრდას განაგრძობენ. ასტრონომები სწორედ ამ პროცესის მომსწრენი გახდნენ.
გარდა ამისა, ჯგუფმა ასევე გაზომა ჩვილი პლანეტის სიკაშკაშე ტალღის სხვადასხვა სიგრძეში, რის საფუძველზეც, გარკვეული დასკვნები გააკეთეს მისი ატმოსფეროს შესახებაც.
პლანეტა ძალიან ნათლად ჩანს. მისი დანახვა შეგიძლიათ ფოტოს ცენტრში გამოსახული ჩაბნელებული ადგილის მარჯვნივ, კაშკაშა წერტილის სახით. მდებარეობს დედავარსკვლავისგან დაახლოებით 3 მილიარდი კილომეტრის მანძილზე, რაც დაახლობით იგივეა, რაც მზესა და ურანს შორის. როგორც ანალიზები აჩვენებს, PDS 70b გაზის გიგანტური პლანეტაა და მისი მასა რამდენჯერმე აღემატება იუპიტერისას. მისი ზედაპირის ტემპერატურა 1000°C-ია, ანუ გაცილებით ცხელია, ვიდრე მზის სისტემის ნებისმიერი პლანეტა.
ფოტოს ცენტრში ასახული ბნელი რეგიონის გამომწვევი მიზეზია ინსტრუმენტი, სახელად კორონოგრაფი, რომელიც ცენტრალური ვარსკვლავის თვალისმომჭრელ სიკაშკაშეს აბნელებს. შედეგად, ასტრონომები გაცილებით მარტივად ახერხებენ მისი მკრთალი დისკოსა და პლანეტური კომპანიონების დაფიქსირებას. ამ ნიღბის გარეშე, პლანეტის მკრთალ ნათებას სრულიად დაჩრდილავდა PDS 70-ის ინტენსიური სიკაშკაშე.
„პლანეტები ვარსკვლავის გარშემო არსებულ ამ დისკოში იბადებიან. მაგრამ ამ დრომდე, მხოლოდ რამდენიმე დაკვირვება მიუთითებდა იქ ჩვილი პლანეტების არსებობის ნიშნებზე. პრობლემა ის არის, რომ პლანეტათა კანდიდატობის უმეტესობა შესაძლოა, უბრალოდ დისკოს მახასიათებლები აღმოჩნდეს“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი მირიამ კეპლერი.
ვარსკვლავ PDS 70-ის პლანეტური კომპანიონის აღმოჩენა ამაღელვებელი სამეცნიერო შედეგია, რასაც აუცილებლად მოჰყვება შემდეგი კვლევები.
მეორე ჯგუფმა, რომელიც ძირითადად იგივე ასტრონომებისგან შედგებოდა, გასული რამდენიმე თვე PDS 70-ის ახლად დაბადებული პლანეტის დეტალურ კვლევას მიუძღვნა. მათ არა მხოლოდ ეს ნათელი ფოტო გადაიღეს, რომელზეც თავად პლანეტაც ჩანს, არამედ ხელში ჩაიგდეს მისი სპექტრიც. როგორც სპექტრის ანალიზები მიუთითებს, პლანეტის ატმოსფერო ღრუბლებიანია.
ირკვევა, რომ PDS 70b-ს გამოკვეთილი აქვს გადაადგილების დისკო, ანუ პროტოპლანეტური დისკო, რომლის ცენტრშიც გიგანტური „ხვრელია“. ამ შიდა ნაპრალების შესახებ უკვე ათწლეულებია, ცნობილია. მიიჩნეოდა, რომ ისინი წარმოქმნილი იყო დისკო-პლანეტის ურთიერთქმედებით. ამჯერად, პირველად ვიხილეთ თავად პლანეტაც.
„ეს შედეგები სრულიად ახალ ფანჯარას გვიხსნის პლანეტათა წარმოქმნის კომპლექსური ეტაპისკენ, რაც ამ დრომდე ასე მწირად არის შესწავლილი. იმისათვის, რათა რეალურად გაგვერკვია პლანეტის ფორმაციის უკან მიმდინარე პროცესები, საჭირო იყო ახალგაზრდა ვარსკვლავის დისკოში არსებულ პლანეტაზე დაკვირვებები“, — ამბობს მეორე ჯგუფის ხელმძღვანელი ანდრე მიულერი.
პლანეტის ატმოსფერული და ფიზიკური მახასიათებლების გარკვევის შემდეგ, ასტრონომებს საშუალება ეძლევათ, შეამოწმონ პლანეტათა ფორმაციის თეორეტიკული მოდელები.
პლანეტის დაბადების გადაღება უკიდურესად რთული საქმეა და მისი მიღწევა შესაძლებელი გახდა მხოლოდ შთამბეჭდავი, მოწინავე ტექნოლოგიების წყალობით.
სწორედ ასეთია ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ინსტრუმენტი SPHERE, რომლითაც აღჭურვილია ჩილეში, ატაკამის უდაბნოში განთავსებული ტელესკოპი VLT. ეგზოპლანეტებსა და დისკოებს ახლომდებარე ვარსკვლავთა გარშემო, ის მაღალკონტრასტული ვიზუალიზაციის სახელით ცნობილი ურთულესი მეთოდით სწავლობს. კორონოგრაფით ვარსკვლავის სინათლის დაბლოკვის შემთხვევაშიც კი, SPHERE იყენებს ჭკვიანური დაკვირვებისა სტრატეგიებსა და მონაცემთა დამუშავების ტექნიკას, რათა სხვადასხვა ტალღის სიგრძეში გაფილტროს ახალგაზრდა, კაშკაშა ვარსკვლავის გარშემო არსებული პლანეტური კომპანიონის სიგნალი.
მომზადებულია eso.org-ის მიხედვით.