ჩვენგან 700 მილიონი სინათლის წლის მანძილიდან მოსული სინათლის კაშკაშა, შთამბეჭდავი ნათება ასტრონომთათვის ნამდვილი საჩუქარი აღმოჩნდა, რომელიც სიურპრიზებს აგრძელებს.
ეს გახლავთ გალაქტიკის გულიდან გამოყოფილი ელექტრომაგნიტური „კივილი“, რომელიც მომაკვდავ ვარსკვლავს ეკუთვნის — ის დაახლოებით 5 მილიონი მზის მასის შავ ხვრელს ჰყავს ჩაჭერილი და ნაწილობრივ უკვე განადგურებულია; როგორც ახალი ანალიზები მიუთითებს, სიცოცხლეს ის იმ პროცესით ასრულებს, რომელსაც „სპაგეტიფიკაციას“ უწოდებენ.
ვარსკვლავის სიკვდილი როგორ წესი, სასტიკი მოვლენაა, მაგრამ სპაგეტიფიკაციის გზით სიკვდილი მათ შორის კიდევ უფრო სასტიკია. ხდება მაშინ, როდესაც ვარსკვლავი შავ ხვრელთან ზედმეტად ახლოს მივა, მისი გრავიტაციული ველი ჩაიჭერს და იმდენად მძლავრად ექაჩება, რომ ვარსკვლავი ნადგურდება — ამ მოვლენას უფრო „თავაზიანად“ გრავიტაციულ დაფლეთვას უწოდებენ.
როდესაც ვარსკვლავი ნადგურდება, ზოგიერთი ნარჩენი „სპაგეტიფიცირდება“, ანუ მატერია იჭიმება გრძელი, წვრილი ძაფის ფორმით (სპაგეტის მსგავსი), რომელიც შავ ხვრელს გარშემო ეხვევა და თანდათან მასში ჩაედინება.
ამ პროცესის დაფიქსირება შესაძლებელია იმ კაშკაშა ანთების წყალობით, რომელსაც შავი ხვრელის გარშემო არსებულ აკრეციის დისკოში გრავიტაციული და ხახუნის ძალები წარმოქმნის. მატერიის გამოლევასთან ერთად, ეს ნათება თანდათან ქრება.
2019 წლის აპრილში ასეთი მოვლენა Zwicky Transient Facility-მ დააფიქსირა, პროგრამამ, რომელიც ცაში გარდამავალ მოვლენებს ეძებს. საეჭვო მოვლენას AT2019dsg უწოდეს. გრავიტაციული დაფლეთვის მოვლენის კვალობაზეც კი, ის უჩვეულოდ კაშკაშა იყო, ანათებდა რენტგენულ, ულტრაიისფერ, ოპტიკურ და რადიო ტალღის სიგრძეებში.
აკრეციის დისკოს შიდა კიდე შავ ხვრელთან უფრო ახლოს არის და ამ დისკოს ყველაზე ცხელი ნაწილია, შესაბამისად, უფრო გამოყოფს ენერგიული რადიაციის უმეტესობას, რენტგენულ სხივებს. ის, რომ რენტგენული სხივების დაფიქსირებით შეგვიძლია სუპერმასიური შავი ხვრელის პოლუსის დანახვაც, სხვაგვარად ის აკრეციის დისკოს გარე რეგიონებით იქნებოდა დაბინდული.
წარმოიდგინეთ, რომ დონატის ფუნთუშას გვერდიდან უყურებთ. ხვრელს ვერ ხედავთ, არა?
გრავიტაციული დაფლეთვის მოვლენების რენტგენული რადიაცია რა თქმა უნდა, აქამდეც გვინახავს, მაგრამ მოვლენა AT2019dsg-ის შემთხვევაში რაღაც ძალიან განსხვავებულია. მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელსაც ნიდერლანდების კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის ასტრონომები, ჯაკომო კანიცარო და პიტერ კონკერი ხელმძღვანელობდნენ, ელექტრომაგნიტური რადიაცია შეისწავლეს და შთანთქმის ხაზებიც აღმოაჩინეს.
სხვათა შორის, შთანთქმის ხაზები შესანიშნავი ამბავია. როდესაც ასტრონომები სინათლის ფოტოებს იღებენ, თუ ეს სინათლე რაღაც ისეთშია გამოვლილი, რომელიც მის გარკვეულ ტალღის სიგრძეებს ბლოკავს ან ანელებს, მაგალითად, გაზში ან მტვერში, ეს სპექტრში ბნელ ხაზებად ჩანს.
ისინი ყველანაირ ადგილებში ჩნდებიან, მაგრამ როგორც წესი, ასეთ ადგილებს შორის არ არის სუპერმასიურ შავ ხვრელთა პოლუსები. აკრეციული დისკოები ძირითადად ეკვატორული რეგიონის გარშემო ბრუნავენ, ზუსტად ისე, როგორც სატურნის რგოლები, პოლუსები კი ძირითადად საკმაოდ ცარიელია.
უცნაური იყო ამ შთანთქმის ხაზთა ცვალებადობა და სიგანეც. შემჩნეული კონფიგურაცია მიუთითებდა მატერიის მრავალ ძაფზე, ძაფის გორგლის მსგავსად.
ეს კი თავის მხრივ მიუთითებდა, რომ შავი ხვრელის გარშემო რაღაც იყო შემოხვეული უცნაური კუთხით, მაგალითად, გრავიტაციულად დაფლეთილი ვარსკვლავის სფაგეტიფიცირებული ფილამენტები.
„როდესაც ვარსკვლავი ნადგურდება, ნარჩენებმა შეიძლება წარმოქმნას გრავიტაციის წყაროსკენ ძლიერ თვითმოძრავი ნაკადები“, — წერენ მკვლევრები.
მათივე განცხადებით, ამ შემთხვევაში ისინი ხედავენ ასეთი ნაკადების მიერ წარმოქმნილ შთანთქმის ხაზებს, რომლებიც სხვადასხვანაირ ორბიტულ მოძრაობაში იყვნენ და ამ სხვადასხვა ნაკადთა პროექტირებული სიჩქარეები იწვევდა ხაზების სიგანის ცვალებადობას.
ამისათვის კი საჭიროა თვითმოძრავი ნაკადების გამრუდება დიდი კუთხეებით, მაშინ, როდესაც განადგურებული მატერიის დიდი ნაწილი აკრეციის დისკოში ცირკულირებს.
თუ აღმოჩნდა, რომ ჯგუფის ინტერპრეტაცია სპაგეტიფიკაციის შესახებ მართებულია, პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ამ პროცესის მიმდინარეობის პირდაპირ მტკიცებულებას მივაგენით.
მოვლენა AT2019dsg-მა ასტრონომთა ყურადღება ადრეც მიიპყრო, როდესაც მეცნიერებმა იქ დააფიქსირეს მაღალენერგიული ნეიტრინოების ამოფრქვევის შემთხვევა. ვინ იცის, კიდევ რამდენ სიურპრიზს გვინახავს ამ ვარსკვლავის უჩვეულოდ კაშკაშა სიკვდილი…
კვლევა Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.