ასტრონომები დააკვირდნენ, როგორ „ბადებს“ ვარსკვლავებს გიგანტური შავი ხვრელი — #1tvმეცნიერება
14:31, 24.01.2022
ასტრონომებმა შენიშნეს, როგორ „ბადებს“ ვარსკვლავებს შავი ხვრელი ახლომდებარე ჯუჯა გალაქტიკაში; თანაც, ახლად დაბადებული ვარსკვლავები შავ ხვრელთან მიბმული არიან გაზისა და მტვრის მასიური „ჭიპლარით“.
სუპერმასიური შავი ხვრელი ჩვენგან დაახლოებით 34 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, გალაქტიკა ჰენიზე 2-10-ში მდებარეობს. ასტრონომებმა შენიშნეს, რომ ცენტრიდან ის 1,6 მლნ კმ/სთ სიჩქარით აფრქვევს უზარმაზარ, 500 სინათლის წლის სიგრძის იონიზებული გაზის ჭავლს; შედეგად, ახლომდებარე ვარსკვლავურ ინკუბატორებში ის ვარსკვლავთა ფორმაციის „ცეცხლოვან ქარიშხალს“ წარმოქმნის.
აღმოჩენა NASA-ს ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა გააკეთა და პირველი შემთხვევაა, როცა ვიხილეთ, როგორ ბადებს შავი ხვრელი ვარსკვლავებს ჯუჯა გალაქტიკაში, რომელშიც ჯამში მილიარდზე ნაკლები ვარსკვლავია.
„თავიდანვე ვიცოდი, რომ ჰენიზე 2-10-ში რაღაც უჩვეულო და განსაკუთრებული ხდებოდა და მართლაც, ჰაბლმა ძლიერ მკაფიო სურათი მოგვცა შავ ხვრელსა და მისგან 230 სინათლის წლის მანძილზე არსებულ ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონს შორის არსებული კავშირის შესახებ. ჰაბლის საოცრად მაღალი რეზოლუციის გამოსახულებები აჩვენებს კორპსაძრობის მსგავს მახასიათებლებს გაზის მოძრაობებში, რაც ერგება შავი ხვრელიდან რყევითი გადინების მოდელს“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, მონტანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ემი რაინსი.
ასტრონომებმა შენიშნეს, როგორ არის შავი ხვრელიდან ვარსკვლავური ინკუბატორებისკენ გადაჭიმული ჭავლის თხელი ხვეულები. სუპერმასიურ შავ ხვრელებში მილიონობით და მილიარდობით მზის მასა იყრის თავს; მათგან ამოფრქვეული კოსმოსური ჭავლები ადრეც იყო შემჩნეული, მაგრამ ასტრონომები ამ დრომდე ფიქრობდნენ, რომ ჯუჯა გალაქტიკებში ისინი ვარსკვლავთწარმოქმნას კი არ უწყობდა ხელს, პირიქით, პროცესს ახშობდა.
„ჰენიზე 2-10 ჩვენგან სულ რაღაც 30 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული, რაც საკმარისი მანძილია, რათა ჰაბლს გადაეღო ძალიან მკაფიო სურათები და შეეგროვებინა აშკარა მტკიცებულებები შავი ხვრელიდან გადინების შესახებ. დამატებითი სიურპრიზი ის იყო, რომ ვარსკვლავთწარმოქმნის ჩახშობის ნაცვლად, ეს ნაკადი ახალ ვარსკვლავთა დაბადებას იწვევს“, — ამბობს კვლევის ავტორი, მონტანის უნივერსიტეტის ასტრონომი ზაქარი შატი.
შავი ხვრელები ახლომდებარე გაზის ღრუბლებიდან და ვარსკვლავებიდან მატერიას შთანთქავენ, შემდეგ კი რაღაც ნაწილს, აალებული პლაზმის სახით, თითქმის სინათლის სიჩქარით ისვრიან კვლავ უკან, კოსმოსში. შესაბამის ტემპერატურამდე გაცხელების შემთხვევაში, გაზის ღრუბელი, რომელიც ამ ჭავლთან შევა კონტაქტში, სამომავლო ვარსკვლავთა იდეალურ ინკუბატორად გადაიქცევა.
თუმცა, თუ ჭავლმა გაზის ღრუბლები ზედმეტად გააცხელა, ვარსკვლავების წარმოქმნისთვის საჭირო ტემპერატურამდე ვეღარ ცივდებიან; მაგრამ ჰენიზე 2-10-ის შავი ხვრელის ჭავლი ნაკლებად მასიურია, შედარებით რბილი და შესაბამისად, გზად შემხვედრ გაზში ის ვარსკვლავთა დაბადებისთვის იდეალური პირობებს ქმნის.
ვინაიდან ეს შავი ხვრელი დროთა განმავლობაში არ გაზრდილა და შედარებით პატარა რჩება, მკვლევართა აზრით, მისი უფრო დეტალურად შესწავლა დაგვეხმარება გავიგოთ, როგორ იზრდებიან სუპერმასიური შავი ხვრელები კოლოსალურ ზომებამდე. ამას გარდა, მის მსგავს შავ ხვრელთა შესასწავლად უკვე შესაძლებელია იმ მაღალი რეზოლუციის მეთოდის გამოყენებაც, რომელიც მკვლევართა ჯგუფმა შავ ხვრელთა შეუმჩნეველი ხელწერის შესამჩნევად შექმნა.
„პირველ შავ ხვრელთა ეპოქას ამჟამად ვერ ვხედავთ და შესაბამისად, არსებობს ერთი დიდი კითხვა: საიდან გაჩნდნენ? ჯუჯა გალაქტიკები შეიძლება დღემდე ინახავდნენ შავ ხვრელთა ჩასახვის სცენარებს, რომლებიც სხვაგან უკვე დაკარგულია დროსა და სივრცეში“, — ამბობს რაინსი.