„ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია დღეს იწყება
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია დღეს იწყება

დღეიდან, 5 მაისიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება.

როგორც საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, რეგისტრაცია 20:00 საათიდან გაიხსნება.

მოქალაქეებს შეუძლიათ, მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირდნენ ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში.

რეგისტრაცია შესაძლებელია სპეციალურ ვებპორტალზე. მეორე დოზით აცრა 10 მაისიდან ჩატარდება. ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ჩაიტარა.

6 მაისს ქვეყანა ელოდება 43 ათასზე მეტ დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, რომლის მიღებაში საქართველოს „იუნისეფი“ ეხმარება. ვაქცინების ანალოგიური რაოდენობის პირველი პარტია ქვეყანამ 13 მარტს მიიღო.