ასპინძის სოფელ ფიაში მცხოვრებმა საკუთარ ეზოში სავარაუდოდ, XI-XII საუკუნეების თიხის ჭურჭელი აღმოაჩინა
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიაში მცხოვრებმა ვასილ მაღრაძემ საკუთარ ეზოში სავარაუდოდ, XI-XII საუკუნეების თიხის ჭურჭელი აღმოაჩინა.
როგორც ვასილ მაღრაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, თიხის ქვევრი, ქოთანი და ე.წ საქაჯავი, რომლითაც ადრე თუთის წვენს წურავდნენ, მიწის ამოთხრისას ნახა.
ვასილ მაღრაძის თქმით, თიხის ჭურჭლის აღმოჩენის შემდეგ მასთან კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან მივიდნენ და ნივთები წაიღეს, ხოლო მას უთხრეს, რომ ეზოში სამუშაოები აღარ გაეგრძელებინა.
კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ თიხის ჭურჭელი ვარძიის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის ფონდებშია გადატანილი. ვარძიის მუზეუმ–ნაკრძალის ფონდების მცველი მუხრან თაქთაქიძე საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ სოფელი ფია ძველი ნასოფლარია, რომელიც X საუკუნით თარიღდება. ის ვარაუდობს, რომ თიხის ჭურჭელი შეიძლება XI-XII საუკუნით დათარიღდეს. მუხრან თაქთაქიძე არ გამორიცხავს, სოფელში მსგავსი ნივთები კიდევ აღმოჩნდეს. მისი თქმით, თიხის ჭურჭელს რესტავრაციას ჩაუტარებს.