ასოცირების საბჭო - ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველომ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები და ბევრ სექტორში მოახდინა თავისი კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან
ასოცირების საბჭო - ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველომ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები და ბევრ სექტორში მოახდინა თავისი კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან

ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველომ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები რიგ სფეროებში და ბევრ სექტორში წარმატებით მოახდინა თავისი კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, როგორც ეს აღნიშნულია ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშში, – ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ამ მხრივ მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი გახდა ევროკავშირის წევრობის მიზანი, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობა, მთავრობა და მთელი პოლიტიკური სპექტრი.

დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, გამოავლინონ კონსტრუქციული პარტიათაშორისი თანამშრომლობა, დიალოგი, დაძლიონ პოლარიზაცია და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, კიდევ უფრო გააღრმაოს პოლიტიკური დაძაბულობა, შეაფერხოს ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგი.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ასოცირების საბჭომ შეაქო საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ხაზი გაუსვა პოლიტიკის შემუშავების პროცესებში სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური, არსებითი და სისტემატური ჩართულობის მნიშვნელობას. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა დეზინფორმაციასთან, ანტიევროპულ რიტორიკასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციასთან და ჩარევასთან ბრძოლის მნიშვნელობას, ასევე მოუწოდა საქართველოს, გადადგას არსებითი ნაბიჯები ამ კუთხით. ამავე დროს აღნიშნა მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევა.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრული დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, კერძოდ, პროკურატურის, ყველა სასამართლოს, ანტიკორუფციული და მონეტარული ინსტიტუტის.

„ევროკავშირმა აღნიშნა საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების გაუმჯობესების აუცილებლობა, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს აერთიანებთ ერთობლივი გადაწყვეტილება, გააძლიერონ დემოკრატია, კანონის უზენაესობა ჩვენს საზოგადოებებში. ევროკავშირმა აღნიშნა ის სამუშაო, რომელიც შესრულდა საკანონმდებლო ჩარჩოს და მართლმსაჯულების სისტემის შესაძლებლობების, ორგანიზების გასაუმჯობესებლად“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემდგომი ძალისხმევა იყო საჭირო სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმის გასატარებლად, განსაკუთრებით, სასამართლოს და პროკურატურის ყველა ინსტიტუტის სრული დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისa და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

„ასოცირების საბჭომ აღნიშნა საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმები და მოუწოდა საქართველოს, დაასრულოს საარჩევნო რეფორმა მოახლოებულ არჩევნებამდე, ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევას. ასოცირების საბჭომ მხედველობაში მიიღო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების მეორე ეროვნული სტრატეგიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის მიღება. ასოცირების საბჭო მიესალმა სამუშაოს, რომელიც გატარდა გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად, გენდერული ნიშნით და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებsa და სახალხო დამცველის დანიშვნასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე გაწეულ სამუშაოს.

ევროკავშირმა ხაზი გაუსვა ამ სამუშაოს გაგრძელების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების გაძლიერებული პატივისცემის უზრუნველყოფის აუცილებლობას, მათ შორის გამოხატვის, შეკრების და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფის, ასევე ადამიანის უფლებადამცველი ინსტიტუტების სრული დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა გუშინ გაიმართა. სხდომას ხელმძღვანელობდა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი, ხოლო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.