ასირიულ-ქალდეურმა კათოლიკურმა ეკლესიამ ქრისტეს შობის დღესასწაული აღნიშნა. საშობაო წირვა თბილისში, ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში ჩატარდა.
სადღესასწაულო ღვთისმსახურება არამეულ ენაზე წარიმართა. დღესასწაულს ესწრებოდა მრევლი როგორც თბილისიდან, ასევე გარდაბნიდან.
ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესია ერთ-ერთი უძველესია ქრისტიანულ აღმსარებლობებს შორის. მისი საპატრიარქო ბაღდათში მდებარეობს. საქართველოში მრევლს მხოლოდ ერთი ეკლესია აქვს. ის თბილისში 2009 წელს აშენდა და მას შემდეგ ფუნქციონირებს.
ეკლესიის ქორეპისკოპოსმა, ბენი ბეტ-იადეგარმა დღესასწაული მთელ ქრისტიანულ სამყაროს მიულოცა და მრევლს მშვიდობა უსურვა.
ჩვენ, როგორც მთელი კათოლიკური სამყარო, შობას 25 დეკემბერს აღვნიშნავთ. დიდი სიყვარულით, პატივისცემითა და მომავლის იმედით ვართ გამსჭვალული. მინდა, მთლიან კათოლიკურ სამყაროს, ასევე ასირიულ-ქალდეური წესის ეკლესიას მივულოცო ეს დღე. ასევე ვულოცავ მათაც, ვინც შობას 7 იანვარს ზეიმობს და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ“, – აღნიშნა ეპისკოპოსმა ბენი ბეტ-იადეგარმა.