აშშ-ში ვაქცინირებულ ადამიანებს გარეთ გასვლა პირბადის გარეშე შეეძლებათ
აშშ-ში ვაქცინირებულ ადამიანებს გარეთ გასვლა პირბადის გარეშე შეეძლებათ. ამის შესახებ აშშ-ის ჯანდაცვის მარეგულირებლებმა და პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადეს.
ამასთან, კვლავ სავალდებულო იქნება პირბადის ტარება საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც ამის მოთხოვნა არსებობს.
„დღეიდან, თუ ხართ სრულად ვაქცინირებული და იმყოფებით გარეთ, არა ხალხმრავალ ადგილას, პირბადის ტარება საჭირო აღარ არის. მინდა, აბსოლუტურად მკაფიო ვიყო, თუ იმყოფებით ხალხმრავალ ადგილას, მაგალითად სტადიონზე, კონფერენციასა და კონცერტზე, პირბადის ტარება კვლავ საჭიროა“, – განაცხადა ბაიდენმა.
ჯანდაცვის საკითხებში განახლებული რეკომენდაცია გაიცა მას შემდეგ, რაც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში ზრდასრული მოქალაქეების ნახევარზე მეტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა გაიკეთა.
ჯო ბაიდენის განცხადებით, განახლებული რეკომენდაცია არის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგი.
„გასაოცარ პროგრესს ყველა თქვენგანის დახმარებით მივაღწიეთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა, რომელმაც აღნიშნა, რომ „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ ქვეყანაში მნიშვნელოვნად იკლო.
ბაიდენის თქმით, ხანდაზმულ მოქალაქეებში სიკვდილიანობა 80%-ით შემცირდა.
„ვაქცინირებული თუ ხარ, შეგიძლია, უფრო მეტის გაკეთება უფრო უსაფრთხოდ, როგორც გარეთ ისე შიდა სივრცეში“, – აღნიშნა ბაიდენმა და განმარტა, რომ პირბადეების ტარება კვლავ საჭირო იქნება ხალხმრავალ ადგილებში და სტადიონებზე.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, აშშ-ში ბოლო კვირაში „კოვიდ-19“-ის დღიური შემთხვევების რაოდენობა 16%-ით შემცირდა. ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა კი მიღებული აქვს 140 მილიონზე მეტ ადამიანს. ვაქცინაცია აშშ-ში სამი ავტორიზებული ვაქცინით – „ფაიზერ“/„ბიონტექით“, „მოდერნათი“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ერთდოზიანი ვაქცინით მიმდინარეობს.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, აშშ-ის მოსახლეობის 29% სრულად ვაქცინირებულია, 43%-ს კი მიღებული აქვს ორდოზიანი ვაქცინის პირველი დოზა. მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, აშშ-ში დასაშვებია სრულად ვაქცინირებულების ღია სივრცეში მცირე შეკრებები ოჯახის სრულად ვაქცინირებულ წევრებთან და მეგობრებთან ერთად.