აშშ-ში შტორმ „ფლორენსის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შვიდი ადამიანი იყო გარდაცვლილი. დაღუპულთა შორის არის ქალი და მისი 7 თვის ბავშვი, რომელთა სახლსაც წაქცეული ხე დაეცა.
ამერიკული მედიის ცნობით, სტიქიას თან რეკორდული რაოდენობის ნალექი და წყალდიდობა მოჰყვა. სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინას 27 ათასი მცხოვრები დროებით თავშესაფარში იმყოფება. ასობით ათასი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. შტორმი „ფლორენსი“ აშშ-ს ხუთშაბათს დაატყდა თავს. მეტეოროლოგების ცნობით, ამჟამად ის შესუსტდა და პირველი კატეგორია აქვს მინიჭებული. ამის მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, სახლებში დაბრუნებისგან ჯერ თავი შეიკავონ, რადგან გზების უმეტესობა დატბორილია.