აშშ-ში საქართველოს საელჩო ამერიკის მოქალაქეებს მადლიერების დღეს ულოცავს და ნონა გაფრინდაშვილზე წერს
აშშ-ში საქართველოს საელჩო ამერიკის მოქალაქეებს მადლიერების დღეს ულოცავს და მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილზე წერს.
„ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრადიციულად, მადლიერების დღეს იხსენებენ და მადლობას უხდიან ნიჭიერ და გაბედულ ადამიანებს, რომელთა მიღწევებითაც ქვეყანა ამაყობს.
„ასეთი გახლავთ ლეგენდარული ქალი ნონა გაფრინდაშვილი, რომლის გაცნობაც გადავწყვიტეთ თქვენთვის. ის გახლავთ ჭადრაკში ქალთა შორის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და პირველი ქალი, რომელსაც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ 1978 წელს გროსმეისტერის ტიტული მიანიჭა“, – წერს აშშ-ში საქართველოს საელჩო.
„ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს თან ახლავს ფოტო, რომელზეც ნონა გაფრინდაშვილი დიდ ბრიტანეთში 28 მოჭადრაკეს ეთამაშება.
„ეს ფოტო მათთვის, ვინც შთაგონებულია შესანიშნავი ფილმით „დედოფლის გამბიტი“. ფოტოზე ჭადრაკის ნამდვილი ლეგენდა ნონა 1965 წელს ერთდროულად 28 მოჭადრაკეს ეთამაშება“, – წერს აშშ-ში საქართველოს საელჩო.
აღსანიშნავია, რომ ამ ფოტოზე არიან კაცი მოჭადრაკეებიც, ხოლო ფილმ „დედოფლის გამბიტის“ ერთ-ერთ ეპიზოდში პერსონაჟი ამბობს, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაცთან არასდროს უთამაშია ჭადრაკი.