აშშ-ში რუსეთის ელჩი - აშშ არასდროს ყოფილა დაინტერესებული მშვიდობის დამყარებით
აშშ არასდროს ყოფილა დაინტერესებული მშვიდობის დამყარებით, – ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.
„ვაშინგტონმა მკვეთრად გაამკაცრა მიდგომა ორ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. საუბარია F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების კიევისთვის გადასაცემად მზადყოფნაზე და უპირობო თანხმობა ყირიმზე ამერიკული და სხვა დასავლური იარაღის გამოყენებით თავდასხმაზე. ასეთი ნაბიჯები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ აშშ არასდროს ყოფილა დაინტერესებული მშვიდობით“, – აღნიშნა ანტონოვმა.
რუსეთის ელჩის თქმით, ყირიმზე თავდასხმას მოსკოვი განიხილავს, „როგორც თავდასხმას რუსეთის ფედერაციის ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე“.
მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში გამართულ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ შეერთებული შტატები, თავის მოკავშირეებთან ერთად, დაიწყებს უკრაინელი მფრინავების მომზადებას, მათ შორის F-16 ტიპის გამანადგურებლებზე.