აშშ-ში „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში დააფიქსირეს. კორონავირუსის ახალი სახეობა კოლორადოს შტატში გამოვლინდა.

როგორც ტელეკომპანია „სიენენი“ შტატის გუბერნატორ ჯარედ პოლისზე დაყრდნობით იუწყება, კორონავირუსის ახალი სახეობა გამოუვლინდა 20 წელს გადაცილებულ მამაკაცს, რომელსაც მოგზაურობის ისტორია არ აქვს. ინფიცირებული იზოლაციაში იმყოფება. ამჟამად მედიკოსები მამაკაცის ახლო კონტაქტების დადგენაზე მუშაობენ.

„კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტის შესახებ ბევრი რამ არ ვიცით, თუმცა ბრიტანელი მეცნიერები მსოფლიოს აფრთხილებენ, რომ ის ბევრად უფრო გადამდებია. კოლორადოს მოსახლეობის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია და ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ შემთხვევას“, – განაცხადა ჯარედ პოლისმა.