გარდაიცვალა „იუტა ჯაზის“ ლეგენდარული ცენტრი და საუკეთესო დამცველის პრიზის ორგზის მფლობელი მარკ იტონი. ის 64 წლის იყო.
ESPN-ის ინფორმაციით, იტონი 20 საათზე კოლორადოს შტატში ველოსიპედით წავიდა სასეირნოდ და ნახევარ საათში გზაზე უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. ყოფილი კალათბურთელი საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი უცნობია.
იტონი NBA-ში 1982-93 წლებში თამაშობდა და ყველა სეზონი „იუტაში“ გაატარა. ის ცნობილი გახდა თავისი სიმაღლით (224 სმ) და დაცვაში კარგი თამაშით. იტონს ეკუთვნის ლიგის რეკორდები სეზონში (5.6) და კარიერაში (3.5) დაფარებების საშუალო რაოდენობით.
იტონმა ერთხელ ითამაშა NBA-ის „ყველა ვარსკვლავის მატჩში“ (1989), ორჯერ აღიარეს სეზონის საუკეთესო დამცველად (1985, 1989) და ოთხჯერ გახდა დაფარებების რაოდენობით სეზონის ლიდერი (1984, 1985, 1987, 1988).
1996 წელს, „იუტამ“ იტონის 53-ე ნომერი ხმარებიდან ამოიღო.