სუპერმატჩი ფინიქსში – დასავლეთ კონფერენციის ლიდერების ჯახი „სანსმა“ მოიგო | NBA-ის მატჩების მიმოხილვა [ვიდეო] #1TVSPORT
ფინიქსში რამდენიმე საათის წინ ძალიან საინტერესო შეხვედრა დასრულდა. დასავლეთ კონფერენციის ორი ლიდერი „იუტა“ და „ფინიქსი“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ხუთ წუთიანი ტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო.
შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე „ფინიქსი” 102:99 იგებდა, თუმცა დონოვან მიჩელმა სამქულიანი ტყორცნა გამოიყენა და მატჩი ოვერტაიმში გაუშვა. დამატებითი ხუთ წუთიანი მონაკვეთი უკეთ „სანსმა“ ჩაატარა და საბოლოოდ ანგარიშით 117:113 მოიგო.
ბრწყინვალე მატჩი გამართა დევინ ბუკერმა. მის ანგარიშზე 35 ქულაა. 29 ქულა მიითვალა კრის პოლმა. 18 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა დეანდრე ეიტონმა.
„ჯაზის“ რიგებში 41 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა დონოვან მიჩელმა. 16 ქულითა და 18 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა რუდი გობერს. 20 ქულით დაასრულა მატჩი ბოიან ბოგდანოვიჩმა.
მარცხის მიუხედავად „იუტა“ დასავლეთ კონფერენციას 38 მოგებითა და 13 მარცხით ლიდერობს. „ფინიქსს” 36 მოგება და 14 მარცხი აქვს და მეორე პოზიციაზეა.
ინდიანა – მინესოტა 141:137
ორლანდო – ვაშინგტონი 116:131
ბოსტონი – ნიუ იორკი 101:99
ბრუკლინი – ნიუ ორლეანსი 139:111
ჰიუსტონი – დალასი 102:93
ატლანტა – მემფისი 113:131
ოკლაჰომა – შარლოტი 102:113
დენვერი – სან ანტონიო 106:96