აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემებზე, მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზეა საუბარი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემებზე, მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზეა საუბარი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში, რომელიც დემოკრატიის, ადამიანისა და მშრომელთა უფლებების შემსწავლელმა ბიურომ მოამზადა, ყურადღება გამახვილებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემებზე, მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე.

სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ინფორმაციის ერთ-ერთ პირველწყაროს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები წარმოადგენენ.

ანგარიშის დასაწყისშივე საუბარია იმ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომლის თანახმადაც ქვეყანა 2024 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავა, ხოლო პრეზიდენტს პირდაპირი წესით აღარ აირჩევენ.

ანგარიშში წერია, რომ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში, პარტიების წინასაარჩევნო კამპანიამ დაბრკოლების გარეშე ჩაიარა, ასევე დაცული იყო თავისუფლების პრინციპები, თუმცა მათივე ინფორმაციით, წინასაარჩევნო პროცესში იკვეთებოდა მმართველი პარტიის დომინანტი პოზიცია. ამავდროულად, წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა ძალადობის არაერთი ფაქტი.

ანგარიშში ადამიანის უფლებების დარღვევის რამდენიმე საკითხია განხილული: ეს არის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეში სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლების სავარაუდო მონაწილეობა; რუსეთის ჯარისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დე ფაქტო მთავრობების მიერ მოქალაქეების უკანონო დაკავება და სიცოცხლის ხელყოფა; ზეწოლა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე; პირადი სივრცის ხელშეუხებლობის დარღვევა; ლგბტ თემის მიმართ ძალადობრივი ქმედებები.

„მთავრობა დაინტერესდა არა ერთი საქმის გამოძიებით, თუმცა გარკვეული ხარვეზები კვლავაც იკვეთება.“ – წერია ანგარიშში.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დე ფაქტო მთავრობები აკონტროლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი დაცულია, 2008 წლიდან დღემდე რუსეთის ჯარი ადგილობრივ მოსახლეობას, ეთნიკურად ქართველებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აკავებს. რუსეთი აგრძელებს ე.წ. ბორდერიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე.“

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ჯარი აღნიშნულ ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველებს დე ფაქტო მთავრობები პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში მონაწილეობას კატეგორიულად უკრძალავენ, 300 ათასამდე იძულებით გადაადგილებულ პირს არ აქვს უფლება დაბრუნდეს საკუთარ მიწაზე, მათი ქონებრივი უფლებები დარღვეულია. აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეებს შესვლა ეკრძალებათ. ამ დაბრკოლების გამო გარკვეული ინფორმაცია ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ დაფარული რჩება.“ – წერია ანგარიშში.

დოკუმენტში შეშფოთებაა გამოხატული საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობის გამო, რომლებმაც მცოცავი ოკუპაციის შედეგად დაკარგეს სასმელ წყალსა და სამეურნეო მიწებზე წვდომის საშუალება, ასევე რუსი ჯარისკაცების მიერ მავთულხლართების უკანონო გავლების გამო ამ ხალხს სასაფლაოზე გასვლის საშუალაბაც აღარ აქვთ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნახსენებია გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე და იქვე აღნიშნულია, რომ სეპარატისტულმა რეჟიმმა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის საქმეზე მოკვლევა შეწყვიტა და დღეს საქართველოს მთავრობა მკვლელობაში ბრალდებულ პირს ინტერპოლის წითელი ცირკულარის საშუალებით ეძებს.

ამავე ანგარიშში წერია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე 2008 წლის ომის დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულის ფაქტებს დღემდე იძიებს.

მუხთარლის საქმე

აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის ოჯახის მტკიცებით,მუხთარლი საქართველოს სახელმწიფო სამსახურის რამდენიმე თანამშრომელმა უკანონოდ აზერბაიჯანში გადაიყვანა. საქართველოს პრეზიდენტმა, სახალხო დამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოთქვეს შეშფოთება სახელმწიფო პირების მიერ აფგან მუხთარლის უკანონო გატაცების გამო. „საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ მუხთარლიმ საზღვარი საკუთარი ნებით გადაკვეთა. თავად მუხთარლის მტკიცებით, საქმეში ქართულ ენაზე მოსაუბრე, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები ფიგურირებდნენ”.

„საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. საქართველოს მთავრობა დღესდღეობით განცხადებისგან თავს იკავებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.“ – წერია ანგარიშში.

მედია პლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება

„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი პოზიცია, მოსაზრება. საქართველოს მოქალაქეები, ასევე პრესა თავისუფალია აკრიტიკოს მთავრობა, თუმცა ბოლო პერიოდში მთავრობის მისამართით ისმის კრიტიკა. არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ მედია პლურალიზმთან დაკავშირებით, რომელსაც მათი მტკიცებით, მთავრობა საფრთხეს უქმნის.

დამოუკიდებელი მედია ყოველთვის აქტიური იყო და განსხვავებულ ხედვას წარმოაჩენდა. თუმცა სამი ტელეკომპანიის – „იმედის“, „მაესტროსა“ და GDS-ის გაერთიანებამ, ამავდროულად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელმძღვანელობის შეცვლამ, მედიაპლურალიზმი შეამცირა და მედიაგარემო მომართული გახდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ. 4 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ მთავრობის გავლენა იზრდება, ისევე როგორც იმ ინდივიდუალური პირების გავლენა, რომლებიც ყოფილ პრემიერ-მინისტრთან არიან დაკავშირებულები. საზოგადოებრივი მაუწყებლის 9-კაციან სამეურვეო საბჭოში სამ ვაკანტურ ადგილზე პირები პარლამენტმა დაამტკიცა. კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა პარლამენტს მიმართა. ეს ცვლილებები დავის საგანს წარმოადგენდა, რადგან იწვევდა შეშფოთებას იმის გამო, რომ სამაუწყებლო კომპანიის რესტრუქტურიზაციის პროცესი არ იქნებოდა გამჭვირვალე, ასევე სამაუწყებლო კომპანიის მენეჯმენტსა და მთავრობას შორის კონსოლიდაციას ექნებოდა ადგილი. პარლამენტის მიერ 22 დეკემბერს შეტანილი ჩასწორება, რომელიც წლის ბოლოს პრეზიდენტს უნდა დაემტკიცებინა, ქმნის საფრთხეს, რომ გაიზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის უფლებამოსილება, შემცირდება სამეურვეო საბჭოს ფუნქცია, გაიზრდება კორუფციის საფრთხე და დასუსტდება თანამშრომელთა დაცვის მექანიზმი.

ივნისში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ უარყოფითად შეაფასა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში რამდენიმე ტელეგადაცემის დახურვა და ახალ მენეჯმენტს მოუწოდა, ხელახლა გადაეხედათ ამ გადაწყვეტილებისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საზოგადოებრივი მაუწყებელი მწვავედ გააკრიტიკა იმ მიზეზით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მაყურებელს არასრულ ინფორმაციას აწვდის საქართველოს რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ასევე იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში დაიხურა თოქ-შოუ და სოციალურ-პოლიტიკური თემების გადაცემები.

„ზოგიერთმა მედიასაშუალებამ, მაკონტროლებელმა ჯგუფებმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოხატა შეშფოთება მედია პლურალიზმთან დაკავშირებით არსებული შემზღუდავი გარემოსა და პოლიტიკური ჩარევების გამო, განსაკუთრებით კი მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების მიმართ. კერძოდ კი, შეშფოთება გამოითქვა მთავრობის მხრიდან, სავარაუდო პრო-ოპოზიციური მიკერძოების მქონე მედიასაშუალებების საქმიანობაში ჩარევისა და მათი კრიტიკის გამო, კერძოდ საქმე ეხება ქვეყანაში ყველაზე ფართოდ ყურებად სატელევიზიო სადგურ „რუსთავი 2“-ს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა აგრეთვე გააკრიტიკეს სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის ნაკლებობა, როდესაც 2 მარტს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“, მისი ყოფილი მეპატრონის, ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში გადაცემა. 3 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება საქმის ინდივიდუალურ განხილვამდე შეაჩერა“, – წერია ანგარიშში.

„2011 წელს მიღებული კანონის შემდეგ, რომელიც მედიასაშუალებებს კომპანიის მფლობელის ვინაობის გასაჯაროებას ავალდებულებს, საქართველოში მედიაგარემო გაუმჯობესდა.

სამაუწყებლო კომპანიის მფლობელის ვინაობის ცოდნა მაყურებელს საშუალებას აძლევს, ობიექტურად შეაფასოს ამა თუ იმ მედიასაშუალების საქმიანობა. თუმცა მედიაექსპერტები ამბობენ, რომ მფლობელის ვინაობის შესახებ გამჭვირვალე ინფორმაციის არსებობა მედიაპლურალიზმის გარანტია არ არის.

2013 წელს შეტანილი ცვლილება, რომელიც სამაუწყებლო კომპანიებს უკრძალავს ფინანსური წყაროს შესახებ ინფორმაციის დამალვას, ბოლომდე არ სრულდება“, – წერია დოკუმენტში.

 

პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობა

საქართველოში მნიშვნელოვანად გაუმჯობესდა მდგომარეობა პენიტენციურ სისტემაში. ასევე შემცირებულია პატიმრების სიკვდილიანობა. თუმცა პრობლემად რჩება წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირებისა და მსჯავრდებულების ერთ საკანში მოთავსების საკითხი. ანგარიშის თანახმად, ეს პრობლემა იკვეთება გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ასევე პრობლემას წარმოადგენს შშმ პატიმრების მდგომარეობა, რადგან ციხის ადმინისტრაციას არ აქვს გათვალისწინებული მათთვის ინფრასტრუქტურის გამართვა.

ანგარიშის თანახმად, 2017 წელს დაკავების პროცესში დაფიქსირდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და ძალადობის ფაქტი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

“სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის ათი შემთხვევა დაფიქსირდა.“ – წერია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2017 წლის დეკემბერში წინა ხელისუფლების რამდენიმე წევრს პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო პატიმრობა შეეფარდათ.

დისკრიმინაცია ლგბტ თემის მიმართ

საქართველოში მოქმედი ლგბტ თემის უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში ნეგატიური ნიშნით დამკვიდრებული სტერეოტიპები ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. ასევე ამავე წყაროების ინფორმაციით, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, საქართველოს მთავრობის ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა არაეფექტური და სუსტია. „ისმის ჰომოფობიური შინაარსის განცხადებები პოლიტიკოსებისგანაც“.

„აგვისტოში ბათუმში ორი ლგბტ თემის წარმომადგენელი დააკავეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ პოლიციელები მათ დაკავების დროს არაადამიანურად მოეპყრნენ. მოკვლევა ამ რამდენიმე პოლიციელის საქმეზე დაიწყო, თუმცა არავინ დაუპატიმრებიათ“, – წერია ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშში ნახსენებია ტრანსგენდერებისთვის არსებული გამოწვევა, რომელიც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შეცვლის საკითხს ეხება. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სახლში ტრანსგენდერებს ოპერაციის შედეგად სქესის შეცვლის დამადასტურებელ საბუთს სთხოვენ იმ მიზნით, რომ პირადობის დამადასტურებელ საბუთში მათთვის სასურველი სქესი ჩაიწეროს. აღნიშნული საბუთის გარეშე ტრანსგენდერებს სქესის გრაფაში ცვლილების შეტანის უფლება არ აქვთ.

შრომითი უფლებები

საქართველოში შრომითი უფლებების კოდექსი გაფიცვას არ კრძალავს, თუმცა ამ სფეროში არაერთი ხარვეზი არსებობს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოში იმ სფეროში დასაქმებულებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის სახიფათო საქმიანობას ეწევიან, ეკრძალებათ გაფიცვა.

„გაფიცვის აკრძალვა უკეთესი პირობების მოთხოვნით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილ ნორმებს ეწინააღმდეგება“, – წერია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ მთავრობა ხშირად შრომით უფლებებს არ იცავს. არავითარი სანქცია თუ სასჯელი დამსაქმებლის მიმართ, რომელიც დასაქმებულის შრომით უფლებებს არღვევს, არ არსებობს.

დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბავშვთა შრომითი უფლებების დარღვევებისა და არასრულწლოვნებში შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევა არ ფიქსირდება. ზემოთ ხსენებული კანონის დარღვევა საქართველოში ფულადი ჯარიმით, თავისუფლების აღკვეთით ან გამოსასწორებელი შრომით ისჯება.

„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მოზარდს მუშაობა კანონის ფარგლებში მხოლოდ 16 წლიდან შეუძლია. გამონაკლის შემთხვევაში, დამსაქმებელს მშობლის ნებართვა სჭირდება. 14-15 წლის მოზარდს საქართველოში მხოლოდ სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის სფეროში შეუძლია მუშაობა“, – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ბავშვთა უფლებები

ანგარიშის ავტორები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერენ, რომ 2017 წელს საქართველოში ბავშვზე ძალადობის 460 შემთხვევა დაფიქსირდა, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ზუსტი ინფორმაცია ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებთან დაკავშირებით არ არსებობს.

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აღრიცხვაზე მხოლოდ 908 ქუჩაში მცხოვრები ბავშვი ჰყავს. მათგან მხოლოდ 110-ს აქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მხოლოდ 73 მათგანს მიეცა საშუალება მიიღოს განათლება“, – წერია ანგარიშში.

დოკუმენტის იმ თავში, სადაც ბავშვთა უფლებებზეა საუბარი, ყურადღება ეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოზარდებისა და მცირეწლოვნების მდგომარეობას.

„2013 წლის შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში დაბადებულ ბავშვებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დე ფაქტო რეჟიმმა არ მისცა. გარდა ამისა, ამავე რაიონში დიდ პრობლემას წარმოადგენს სკოლებში განათლების საკითხი. ე.წ. გადასასვლელი პუნქტის გაუქმებამ ქართულენოვანი ბავშვები იზოლაციაში მოაქცია“, – წერია დოკუმენტში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ გალის რაიონში მცხოვრებ ქართულენოვან მოზარდებს ქართულ ენაზე სწავლის საშუალება შეუზღუდა.