გიორგი კანაშვილი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ისეთი არაფერია მოცემული, რაზეც საზოგადოებას არ უსაუბრია
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, გიორგი კანაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის შეფასებისას აღნიშნა, რომ ანგარიშში ისეთი არაფერია მოცემული, რაზეც საზოგადოებას არ უსაუბრია.
როგორც კანაშვილმა პირველ არხთან საუბარში აღნიშნა, ანგარიშში მითითებულია მრავალი პრობლემა, რომლის გადაჭრაც ხელეწიფება საქართველოს ხელისუფლებას.
„ამ ტიპის ანგარიშები კარგია საქართველოსთვის იმიტომ, რომ გარკვეულ ფორმაში ამყოფოს საქართველოს მთავრობა. ანგარიში ერთი მხრივ ეხება 2016-2017 წლებში ჩატარებულ არჩევნებს, იმ პრობლემებს და იმ მიღწევებს, რაც ამ არჩევნების დროს გამოიკვეთა. ანგარიში მთლიანობაში დადებითად აფასებს ვთქვათ არჩევნებს, თუმცა გამოკვეთავს იმ პრობლემებს, რომლებზეც საერთაშორისო ორგანიზაციებიც მიუთითებენ.
ასევე, საუბარია მუხთარლის შემთხვევაზე და მოყვანილია კრიტიკული შეფასებები. აღნიშნულია, რომ ეს საქმე ტოვებს გარკვეულ კითხვებს. ანგარიშში საუბარი შეეხო ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებების კუთხით მძიმე ვითარებას. გარკვეულ გაუმჯობესებებზეც არის საუბარი, კერძოდ პენიტენციურ სისტემაში მდგომარეობა მთლიანობაში უკეთესია, ვიდრე იყო წინა წლებში, თუმცა, რა თქმა უნდა, იქვე აღნიშნულია ის გამოწვევები, რაც პენიტენციურ სისტემას ამჟამად გააჩნია“, – განაცხადა გიორგი კანაშვილმა.
მისივე თქმით, ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებების მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველებს თავიანთი უფლებების რეალიზებაში ეშლებათ ხელი.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებების მოქმედებები ცალსახად ნეგატიურად არის შეფასებული. დაგმობილია ერთი მხრივ, ოთხოზორიას მკვლელობის აქტი და ასევე არის საუბარი იმაზე, რომ ზოგადად ქართველებს, მცხოვრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ბოლო პერიოდის განმავლობაში სულ უფრო მეტად ეზღუდებათ საკუთარი უფლებების რეალიზაცია. ამერიკის შეერთებული შტატების ამ დოკუმენტს განსაკუთრებული სიმძიმე აქვს, შესაბამისად მისი გამოყენება შეიძლება საერთაშორისო ასპარეზზე, მასზე რეფერირება ასე ვთქვათ, აუცილებელი იქნება.
ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს საქართველოს ანგარიშზე და საქართველოს მიდგომებზე საუბარი, არამედ საუბარი არის ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომელიც ასევე იზიარებს საქართველოს პოზიციებს ადამიანის უფლებების კუთხით ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში“, -განაცხადა გიორგი კანაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში, რომელიც დემოკრატიის, ადამიანისა და მშრომელთა უფლებების შემსწავლელმა ბიურომ მოამზადა, ყურადღება გამახვილებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემებზე, მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე.